გირჩი კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობისთვის საკონსტიტუციო სასამართლოს მიმართავს

პარტია „გირჩი“ საარჩევნო კოდექსის ცვლილებით მიღებულ კვოტირების წესს საკონსტიტუციო სასამართლოში ასაჩივრებს.

გირჩის განცხადებით, მათ პარტიულ სიას პარტიის პარტნიორები ადგენენ, თუმცა გირჩს არ აქვს უფლება არჩევნებზე დარეგისტრირდეს, თუ კვოტირებას არ დაემორჩილება.

“მიუხედავად იმისა, რომ “გირჩს” პარტიულ სიას კონკრეტული მხარდამჭერების და ამომრჩევლების მხარდაჭერა უკვე აქვს, “გირჩს” მაინც არ მიეცემა საშუალება დარეგისტრირდეს არჩევნებზე, თუ კვოტების რეგულაციას არ დაემორჩილება. პარტიებისთვის ასეთი შეზღუდვის დაწესება ხელს უშლის, როგორც მათ პასიურ საარჩევნო უფლებას, ასევე ამომრჩევლების ნების თავისუფლად გამოხატვას”,– აცხადებენ გირჩში.

გირჩის პოლიტიკოსი, ანა ჩიქოვანი, რომელიც პარტიულ სიაში მე–16 ადილს იკავებს, ამბობს, რომ მისი მე–4 ადგილზე ხელოვნურად გადასვლა მისივე დისკრიმინაცია და “გირჩის” პრინციპის შეცვლაა.

” გირჩის” საარჩევნო სიას, სხვა პარტიებისგან განსხვავებით, ჩვენი მხარდამჭერები ადგენენ ჩვენივე ციფრული პორტალის – girchi.com-ის მეშვეობით, შესაბამისად, ამ ადამიანებს ვართმევთ უფლებას, პარტიული სია ისე დააკომპლექტონ, როგორც თავად წარმოუდგენიათ სწორად. ამჟამად “გირჩის” საარჩევნო სიაში (რომელიც საბოლოო სახის მიღებამდე ცვალებადია) მე სიის მე-16 ნომერი ვარ, ჩემი ხელოვნურად მე-4 ადგილზე გადასვლა არა მხოლოდ ჩემივე პოზიტიური დისკრიმინაციაა, არამედ ფუნდამენტურად ცვლის “გირჩის” პრინციპს, რომ პარტნიორებს მისცეს საშუალება, თავად აირჩიონ ფავორიტი პოლიტიკოსი. ამიტომ საკონსტიტუციო სასამართლოში ბრძოლა ამ ნორმის გასაუქმებლად ძალიან მნიშვნელოვანია”,– აცხადებს ჩიქოვანი.

“გირჩი” სარჩელს კვოტირების წესის არაკონსტიტუციურად ცნობის შესახებ, დღეს 17:30 საათზე საკონსტიტუციო სასამართლოში დაარეგისტრირებს.