“გირჩი-მეტი თავისუფლება” ითხოვს, მოქალაქეებს ჯარიმებში გადახდილი თანხები დაუბრუნდეთ

პარტია “გირჩი – მეტი თავისუფლება” ითხოვს, მოქალაქეებს დაუბრუნდეთ თანხა, რომელიც პანდემიის დროს გამოწერილი ჯარიმებისთვის გადაიხადეს.

მათი შეფასებით, მთავრობა მოქალაქეების დიფერენციაციას ახდენს, როდესაც ჯარიმების უუქმებს მათ, ვისაც ის არ გადაუხდია, ხოლო გადამხდელებს თანხას არ უბრუნებს.

“პრემიერ ღარიბაშვილის თქმით, იმ პირებს, რომლებსაც პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო ადმინისტრაციული ან სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა დაეკისრა, ამნისტია შეეხება.

თუმცა, თანხა უკან არ დაუბრუნდებათ მათ, ვინც ჯარიმა უკვე გადაიხადა, რაც ცალსახად უსამართლოა, რადგან მოქალაქეების დიფერენცირებას ახდენს სრულიად გაუგებარი კრიტერიუმით – სახდელს პატიობს მათ, ვისაც ის ჯერ არ გადაუხდია (არ აპირებდა ან ვერ მოასწრო) და არ პატიობს მათ ვინც მათივე რეგულაციის მოთხოვნა პირნათლად შეასრულა და დაკისრებული ჯარიმები გადაიხადა.

მოვითხოვთ, ყველა ფიზიკურ თუ იურიდიულ პირს დაუბრუნდეს პანდემიის პირობებში დაწესებული რეგულაციების დარღვევის გამო გადახდილი ადმინისტრაციული სახდელის სრული ოდენობა”,– აცხადებს გირჩი – მეტი თავისუფლება.

ცნობისთვის, მთავრობის გადაწყვეტილებით, მოქალაქეებს გაუუქმდებათ იზოლაციის, კარანტინის და პირბადის ტარების წესის დარღვის გამო გამოწერილი ჯარიმები. ასევე გათავისუფლდებიან სისხლის სამართლის და ადმინისტრაციული პასუხისმგებლობებისგან.