გლდანის ციხეში 32 წლის პატიმარი გარდაცვლილი იპოვეს

ადვოკატი ჯაბა კოჭლამაზაშვილის განცხადებით, გლდანის ციხეში მისი დაცვის ქვეშ მყოფი პატიმარი, ეგორ გრეგორენკო გარდაიცვალა. მისი თქმით, ციხის ადმინისტრაცია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში არ უშვებს და პატიმრის ცხედრის დათვალიერების პროცედურაზე დასწრების საშუალებას არ აძლევს.

„ციხის ადმინისტრაცია მე არაფერს მეუბნება, უბრალოდ, არ მიშვენებენ. მე დღეს მოვედი აქ ციხეში, ვნახე სულ სხვა პატიმარი. იქიდან გამოსულს მირეკავს სახელმწიფო დაცვის ინსპექტორის სამსახური და მეუბნება, რომ თქვენი დაცვის ქვეშ მყოფი ეგორ გრეგორენკო გარდაიცვალა, პროზექტურიდან ვინ წაიყვანსო?! მე კატეგორიულად ვითხოვე ჩემთვის მოეცათ ნება, რომ შევსულიყავი და დათვალიერებას დავსწრებოდი, ახლა მიმდინარეობს ცხედრის დათვალიერება.

დიდი ჩხუბის შემდეგ, რომ ავუხსენი, რომ მაქვს ამის უფლება, მითხრა, რომ თუ შემოხვალ, მე დაგასწრებო. ორდერი მაქვს და არ მიშვებენ შიგნით, რაღაც შინაგანაწესიაო… იქ არის გარდაცვლილი, მე ვყავარ მარტო ამ ადამიანს, ადვოკატი, მეტი არავინ ჰყავს და არ მიშვებენ, რომ დავესწრო, ვნახო რა მდგომარეობაშია ახლა”,- ამბობს ადვოკატი ტვ პირველთან საუბრისას.

მისივე განცხადებით, როდესაც ბოლოს გრეგორენკო ნახა, მან სთხოვა სამარტოო საკანში გადაყვანა, თუმცა რა იყო ამის მიზეზი, ადვოკატისთვის უცნობია.