გლდანის ციხეში იანვარში ნაცემი პატიმარი გარდაიცვალა

 46 წლის ნაცემი პატიმარი, იოსებ გორგაძე წუხელ კლინიკა “ვივა მედში” გარდაიცვალა. კლინიკაში ის გლდანის საპატიმროდან იანვარში, მძიმე დაზიანებებით გადაიყვანეს და მას შემდეგ კომაში იყო.

სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა ფაქტზე გამოძიება დაიწყო. IPN-ს ინფორმაციით, კაციტაძის უწყებამ საქმე სსკ-ის 342-ე მუხლის მეორე ნაწილით აღძრა, რაც სამსახურებრივ გულგრილობას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.

“წუხელ, დაახლოებით, 22:00 საათზე, ოჯახს შეატყობინეს, რომ გარდაიცვალა იმ დაზიანებებით, რა დაზიანებებითაც ის გლდანის მე-8 დაწესებულებიდან გადაიყვანეს. დაახლოებით, 3 თვე იბრძოლა სიცოცხლის გადარჩენისთვის, მაგრამ სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა. გამოძიებას დღემდე არანაირი შედეგი არ დაუდია, ბრალდებული არავინაა და მიუხედავად მძიმე დაზიანებებისა, იუსტიციის სამინისტროს საგამოძიებო ნაწილმა გამოძიება სსკ-ის 118-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის დაზიანებას გულისხმობს. ვინაიდან გარდაცვალების ფაქტი დადგა, ახლა გამოძიება სპეციალურმა საგამოძიებო სამსახურმა დაიწყო”. – უთხრა IPN-ს ადვოკატმა.