მცხეთის რაიონულმა სასამართლომ გუდაურში მკვლელობის საქმეზე დაკავებული მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალდებულ ექვსივე პირს აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-2000-ლარიანი გირაო შეუფარდა. დღევანდელ სასამართლო სხდომაზე პროკურატურამ თითოეული ბრალდებულისთვის აღკვეთის ღონისძიების სახით 2000-ლარიანი გირაოს გამოყენების, დაცვის მხარემ კი, 1000-ლარიანი გირაოს გამოყენების შუამდგომლობა დააყენა.
ცნობისთვის, 16 თებერვალს, გუდაურში ახალგაზრდა მამაკაცი მოკლეს, ერთი კი დაჭრეს. აღნიშნულთან დაკავშირებით, სამართალდამცავებმა მერაბ კობიაშვილი დააკავეს. კობიაშვილს თავდაპირველად ბრალი მკვლელობისა და მკვლელობის მცდელობისთვის წაუყენეს, შემდეგ კი ცემის მუხლით. ამასთან, პროკურატურამ მერაბ კობიაშვილის მიმართ ჯგუფურად განხორციელებული ძალადობის ფაქტზე ბრალი 6 პირს წარუდგინა და მათი საქმე ცალკე წარმოებად გამოიყო.