ციხეში მყოფი “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე, ნიკა მელია პარტიის ყოფილ თავმჯდომარეს, გრიგოლ ვაშაძეს მიმართავს და ამბობს, რომ გული მხოლოდ იმაზე წყდება, რომ მისი ყოფილი კაბინეტის დარბევას უყურა, ნახა, რომ მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობდა, მაგრამ ხმა არ ამოუღია.
ამ თემაზე ნიკა მელიამ “მთავარი არხის” გენერალურ დირექტორთან, ნიკა გვარამიასთან ციხეში ჩაწერილ ინტერვიუში ისაუბრა. მან ნიკა გვარამიას კითხვას, რაზე წყდება გული შემდეგნაირად უპასუხა:
“არ ვიცი, უნდა ვთქვა თუ არა, მაგრამ ალბათ ჯობია ვთქვა. გული ძალიან მწყდება იმაზე, რომ ნათია მეზვრიშვილმა, 20 ივნისის დამრბევი გახარიას მაშინდელმა მოადგილემ, საჯაროდ დამიცვა. ეს ერთი მაგალითია, ბევრმა სხვა ყოფილმა ქოცმა, რომ არაფერი ვთქვათ სხვებზე. და ამ დროს, სიტყვა არ დაუძრავს კაცს, რომელთანაც პირადი მეგობრობა მქონდა, რომელიც ჩემი პარტიის ლიდერი იყო წლების განმავლობაში – გრიგოლ ვაშაძეს ვგულისხმობ.
ჩემ დაცვას ვინ დაეძებს, პარტია, რომელსაც წლები ხელმძღვანელობდა, პარტია, რომელმაც პრეზიდენტად წარადგინა და რომ არა მოპარული არჩევნები, აარჩევინა კიდეც მოსახლეობას, აი ამ პარტიის ცენტრალური ოფისის აღებაზე კაცს ხმა არ ამოუღია. მისი პირადი კაბინეტის, ყოფილის, აღებას უყურა და ხმა არ დაუძრავს, მთელი საქართველო და მთელი მსოფლიო ამაზე ლაპარაკობს. ყველა, ნაცმოძრაობის ყოფილი ლიდერის, გრიგოლ ვაშაძის გარდა. ამაზე მწყდება გული, მეტი არავიზე და არაფერზე”, – თქვა ნიკა მელიამ.
შეგახსნებეთ, რომ ნიკა მელიამ პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა მას შემდეგ დაიკავა, რაც გრიგოლ ვაშაძემ “ნაციონალური მოძრაობის” დატოვების გადაწყვეტილება მიიღო.