გული მწყდება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს – იოსელიანი სიების განულებაზე

მოქალაქეების სიის მეორე ნომერი ლევან იოსელიანი ეხმიანება სტრატეგია აღმაშენებლის გადაწყვეტილებას  მანდატებზე უარის თქმასთან დაკავშირებით. მისი თქმით, გიორგი ვაშაძის გადაწყვეტილების გამო გული წყდება და მიიჩნევს ასეთი ტიპის ქმედებები მოლაპარაკებების პროცესის ბოლომდე მიყვანას ხელს უშლის.

“ძალიან გული მწყდება, რომ ასეთი გადაწყვეტილება მიიღეს. კარგია, რომ მოლაპარაკებების ბოლომდე მიყვანის მომხრეები არიან, მაგრამ ეს გადაწყვეტილება ხელს არ უწყობს ამ პროცესის ბოლომდე მიყვანას, ამაშია საქმე. და ვინც ამ გადაწყვეტილებას მიიღებს, ეს პროცესი აზიანებს მოლაპარაკებების პროცესს. თუ გვინდა, რომ ეს მოლაპარაკებების პროცესი დავაზიანოთ და არ შედგეს, მოდით პირდაპირ ვთქვათ მაშინ. თან მანდატზე უარს ვამბობ და არ შევდივარ, თან მოლაპარაკება მინდა, რომ მერე თუ მოვილაპარაკებთ, პარლამენტში შევიდე, ესე არ არის”,– ამბობს იოსელიანი ტვ პირველის ეთერში.

მისი მტკიცებით, სითამამის დეფიციტი აქვთ, როდესაც მანდატებზე უარს ამბობენ.

“პოზიციები უნდა იყოს გაცხადებული, იმიტომ რომ ამ პროცესს უყურებს უამრავი ადამიანი. არ შეიძლება ამ ხალხს ორპირად ველაპარაკოთ, გიორგის არ ვგულისხმობ ახლა, მაგრამ პროცესი ასე ჩანს გარედან. ჩვენ ვიქნებით ერთადერთი, ვინც ბოლომდე იბრძოლეს, რომ შეთანხმება ბოლომდე შედგეს, რომ შეთანხმება გადარჩეს და არ ჩაიშალოს. ვაშაძესაც უნდა შეთანხმების ბოლომდე მიყვანა და ბევრ სხვასაც. უბრალოდ უნდა ეყოთ სითამამე და ამაზე ილაპარაკონ. სითამამის დეფიციტი აქვთ, როდესაც უარს ამბობენ, რომ უარს ამბობენ მანდატებზე, ამ მანდატებს უკან აბარებენ, ამავე დროს უნდათ. რომ მოლაპარაკებები დასრულდეს წარმატებით. როგორ უნდა დასრულდეს წარმატებით?!”, – განაცხადა იოსელიანმა.

ცნობისთვის, მე-10 მოწვევის პარლამენტის პირველი სხდომა ხვალ, 11 დეკემბერს გაიმართება. პირველ სხდომას არცერთი ოპოზიციური პარტია არ დაესწრება. ამ დროისთვის, მანდატებზე უარს მხოლოდ ალეკო ელისაშვილის პარტია “მოქალაქეები” არ ამბობს.