19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრალდებულების, არჩილ გაგნიძის და ვასილ მახარაძის ადვოკატი ბექა ნემსიწვერაძე გურამ ამირხანაშვილის ჩვენებას არასარწმუნოს უწოდებს და აცხადებს, რომ აღნიშნული ჩვენება რეალურად პროკურატურის აბსურდული ვერსიის გამყარებას ემსახურება.
„რამდენად სარწმუნოა ამირხანაშვილის ჩვენება, ეს ცალკე საკითხია. ჩვენ ვიცით, რომ ზოგადად, ამირხანაშვილს აქვს მიდრეკილება, რომ ხშირად ცვალოს ჩვენებები და ეს არაერთხელ გაუკეთებია. თუ ასეთ მნიშვნელოვან კომუნიკაციას ჰქონდა ადგილი იმ მანქანაში, ორი თვის განმავლობაში რატომ დუმდა ეს ადამიანი? ახლა ის ხსნის ამას იმით, თითქოს აღელვებული იყო, თუმცა, იმ აღელვების ფონზე ჩატარდა ამოცნობა მისი მონაწილეობით და იმ აღელვებულ მდგომარეობაში, როგორც თვითონ ამბობს, ამოიცნო ის პირები, რომლებიც იმ მანქანაში ისხდნენ. მაშინ გამოდის, რომ ის ამოცნობის ოქმები არ არის გასათვალისწინებელი საერთოდ და არ არის სანდო ამოცნობის შედეგები. რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ გავიზიარებთ იმ მიზეზს, რომ აღევებული იყო. სინამდვილეში ჩვენი აზრით, ხდება ის, რომ პროკურატურამ გაავრცელა აბსოლუტურად აბსურდული ვერსია და ახლა ისინი თვითონ გახდნენ მძევალი საკუთარი ვერსიის აბსურდულობის და ახლა ცდილობენ მოწმეებს ათქმევინონ ის, რაც სჭირდება ამ ვერსიის გამყარებას და რა თქმა უნდა, ამირხანაშვილის ჩვენება არის არასარწმუნო და ის ტყუის არა პირველად,“ – აცხადებს ნემსიწვერაძე.
ცნობისთვის, რადიო თავისუფლება“ 19 წლის ფეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის გარდაცვალების საქმეზე ერთ-ერთი ოქროს მოწმის და მისი მეგობრის, გურამ ამირხანაშვილის მეხუთე ჩვენების ერთ-ერთ ოქმს აქვეყნებს.
ამირხანაშვილის ჩვენების მიხედვით, მორაგბე არჩილ გაგნიძემ დანარჩენ პირებს მკაცრად უთხრა, რომ ის მანქანაში ჩაესვათ და თბილისისკენ წამოვიდნენ.
გურამ ამირხანაშვილი, ახალი გამოკითხვისას, „ტოიოტა კამრიში“ გამართული დიალოგის დეტალებსაც იხსენებს. მისი მტკიცებით, არჩილ გაგნიძემ შემდეგი შეკითხვა დაუსვა: „როგორ მაგრადაც დარბიხართ, ისე მაგრად თუ იცით ცურვა?“.