აშშ–ში მოღვაწე ქართველი ექიმი, მისისიპის უნივერსიტეტის პროფესორი ზურაბ გურული ამბობს, რომ ფაიზერის დირექტორმა წლის ბოლოსთვის კორონავირუსის საწინააღმდეგო წამლის გამოშვება დააანონსა. ექიმის შეფასებით, ეს “ფინიშის ხაზზე გასვლაა”.
“ყველაზე სასიამოვნო ცნობა ალბათ პფაიზერის მთავარი აღმასრულებელი დირექტორის ალბერტ ბურლას განცხადებაა, რომ წლის ბოლოსთვის კომპანია გამოუშვებს წამალს, რომელიც კოვიდის პირველივე ნიშნების გამოვლენისთანავე მიღებისას მაქსიმალურად შეამცირებს ვირუსის გამრავლების უნარს და დაავადება ძალიან მსუბუქად წარიმართება.
კლინიკური კვლევის პროცესი ამ წამლის გამოსაცდელად უკვე დაიწყო მარტის პირველ რიცხვებში და თუ ყველაფერი კარგად წარიმართა, FDA (აშშ-ის სურსათისა და წამლის სააგენტო) დიდი ალბათობით დაუბრკოლებლად დაამტკიცებს მისი გამოყენების უფლებას. ეს წამალი ე.წ. პროტეაზების ინჰიბიტორებს მიეკუთვნება, იმავე კლასისაა, რომლებსაც “ც” ჰეპატიტის და შიდსის სამკურნალოდ იყენებენ და თრგუნავს იმ ფერმენტს, რომელიც ვირუსს სჭირდება ადამიანის უჯრედებში გასამრავლებლად. ეს უკვე მართლა ფინიშის ხაზზე გასვლას ნიშნავს… მანამ კი გავუფრთხილდეთ ერთმანეთს”,– წერს გურული.
მისივე განცხადებით, ამერიკაში პანდემია სერიოზულად შესუსტდა, ვაქცინის გამოცდა კი არასრულწლოვნებშიც დაიწყო.
“მოზრდილთა 37 % უკვე სრულად აცრილია, 54 %-ს კი ერთი დოზა მაინც აქვს გაკეთებული. ვაქცინები მუშაობს! ფაქტი სახეზეა. ახლა მთავარია ბავშვების ვაქცინაციაც ასევე წარმატებით განხორციელდეს და დაავადების გავრცელების ყველა წყარო ამოიკეტება რამდენიმე თვეში. ამჟამად პფაიზერის ვაქცინის გამოცდა მიმდინარეობს 6 თვიდან 11 წლამდე ასაკის ბავშვებში. დიდი ალბათობით FDA მალე გასცემს ავტორიზაციას 12-15 წლის მოზარდებში ვაქცინის გამოყენებაზე”,– აცხადებს ზურაბ გურული.
ფაიზერის აღმასრულებელმა დირექტორმა ალბერტ ბურლამ CNBC–ს 27 აპრილს განუცხადა, რომ თუ წამლის კლინიკურმა კვლევებმა წარმატებით ჩაიარა და ეს დაადასტურა ამერიკის წამლისა და სურსათის სააგენტომ, წლის ბოლოს მისი განაწილება აშშ-ში დაიწყება. ბურლა ასევე ამბობს, რომ “ოპტიმისტურად არის განწყობილი”, რომ FDA ვაქცინის გამოყენების ნებართვას მოზარდებშიც გასცემს.