გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები, შეგვიძლია, ჯაჭვის შექმნაში დავეხმაროთ – წულუკიანი

კულტურუის მინისტრი, თეა წულუკიანი 5 აგვისტოს ხელოვნების მუზეუმისთვის გამართულ აქციებს ჩაფლავებულს უწოდებს.

“ჩვენ გუშინ ვნახეთ ჩაფლავებული აქციები. ვნახეთ, რომ ვერავითარი სარწმუნო არგუმენტი საზოგადოებას ამ ადამიანებმა ვერ მიაწოდეს. სამწუხაროა, რომ ნებისმიერი ქვეყნისთვის საჭირბოროტო თემას კვლავ არ დაგიდევს პოლიტიკური ოპოზიცია და ამ თემის პოლიტიზირებასაც, რაც მთავარია, ძალიან არასწორი და მახინჯი ფორმით ცდილობს”, — თქვა წულუკიანმა.

ის აქციის მონაწილეების მიერ მუზეუმთან გაკეთებულ ჯაჭვს ცინიკურად ეხმიანება და ამბობს, რომ თუ მომავალში აქციის მონაწილეებს ჯაჭვის შექმნა დასჭირდებათ, “დაეხმარება” და რგოლებად იმუშავებს.

“თუ მომავალში დააპირებენ ჯაჭვის შექმნას, ჩვენ შეგვიძლია მათ დავეხმაროთ, ჯაჭვის რგოლებად ვიმუშაოთ, რაკი ჯაჭვის შექმნაც ვერ გახდა გუშინ შესაძლებელი, მათდა სამწუხაროდ. რაც შეეხება თვითონ საქმეს (იმიტომ, რომ რაც ჩვენ ვიხილეთ გუშინ ქუჩაში, ეს არ იყო საქმე): კიდევ ერთხელ მინდა გავიმეორო ჩვენი ურყევი პოზიცია, რომელიც არის სამინისტროსა და მთავრობის ურყევი პოზიცია. შალვა ამირანაშვილის მუზეუმი ბოლო 15-20 წლის მანძილზე, მე არ მომერიდება, კიდევ ერთხელ გამოვიყენებ ამ სიტყვას, გამოიშიგნა და ჩვენ გაჩვენებთ ინვენტარიზაციის შედეგებს, რომელიც სექტემბრის ბოლოს დასრულდება”. – განაცხადა წულუკიანმა.

ცნობისთვის, გუშინ პუშკინის სკვერში ხელოვნების მუზეუმთან დაკავშირებით საპროტესტო აქციები გაიმართა.