პოლიციამ ტრეფიკინგის ბრალდებით 4 პირი დააკავა, რომლებიც შეზღუდული შესაძლებლობების პირებს ქუჩაში მათხოვრობას აიძულებდნენ, თანხას კი თვითონ იღებდნენ. დაკავებულებს შორის არიან საქართველოს და აზერბაიჯანის მოქალაქეები. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით ისინი დაზარალებულებს მოწყალების თხოვნას ფსიქოლოგიური ზეწოლისა და ფიზიკური ანგარიშსწორების მუქარით აიძულებდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ ფაქტის ამსახველი ვიდეოკადრები და ბრალდებულებსა და დაზარალებულებს შორის შემდგარი სატელეფონი საუბრის ჩანაწერები გამოაქვეყნა.
ირკვევა, რომ დაუმორჩილებლობის შემთხვევაში ტრეფიკინგის ბრალდებით დაკავებულები დაზარალებულებზე სიტყვიერად და ფიზიკურად ძალადობდნენ. დანაშაულებრივი ქმედების განხორციელებაში უცხო ქვეყნის მოქალაქეებს ორი პირი ეხმარებოდა, რომლებიც დაზარალებულების ეგრეთწოდებულ „სამუშაო“ ლოკაციებზე გაყვანას, უკან მოძალადეებთან დაბრუნებას, დღის განმავლობაში მათ გაკონტროლებას და ზედამხედველობას უზრუნველყოფდნენ. დაკავებულებს ბრალის დამტკიცების შემთხვევაში 12-დან 15-წლამდე ვადით პატიმრობა ემუქრებათ.