საქართველოს ჟურნალისტურმა ეთიკის ქარტიამ დაადგინა, რომ იმედის მაშინდელმა დირექტორის მოადგილემ და ამჟამინდელმა დირექტორმა ნიკოლოზ ლალიაშვილმა ქარტიის მეორე პრინციპი დაარღვია.
ქარტიის მეორე პრინციპია: “დაუშვებელია ჟურნალისტის იძულება, პროფესიული საქმიანობისას მოიქცეს ან აზრი გამოხატოს საკუთარი სინდისის წინააღმდეგ”.
ლალიაშვილის წინააღმდეგ ქარტიას განცხადებით ტელეკომპანია “მაესტროს” გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” ჟურნალისტებმა: ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, მარიამ მჭედლიშვილმა, გიგა ბენიამ და ნუცა შუბაშვილმა მიმართეს. ჟურნალისტები ამბობენ, რომ ლალიაშვილი მათ სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩაერია, რამაც მათ აიძულა, რომ დაეტოვებინათ ტელეკომპანია.
ჟურნალისტებმა სარედაქციო დამოუკიდებლობაში ჩარევის დასადასტურებლად, წარადგინეს აუდიო ჩანაწერები, რომლებიც ასახავს ნიკოლოზ ლალიაშვილთან საუბარს 2019 წლის 24 დეკემბერს [აუდიო N 1] და 2020 წლის 25 თებერვალს [აუდიო N 2 და N 3].
გადაცემა “ბიზნესის სიახლეების” ჟურნალისტები ლალიაშვილს 2-ჯერ შეხვდნენ. შეხვედრისას, ჟურნალისტის არგუმენტზე, რომ იგი ამბებს აშუქებს დაბალანსებულად, ნიკოლოზ ლალიაშვილი პასუხობს: „ეგ სიტყვა დაივიწყე, გეხვეწები რა, დაბალანსებული დაივიწყე რა, დაბალანსებული ნიშნავს რა უსუნოს, უგემოს, სტერილურს, ცუდია დაბალანსებული“.
ლალიაშვილი მათ ეუბნება, რომ ტვ იმედი მთავარ არხთან ომობს, ამიტომ ჟურნალისტებმაც უნდა “იომონ”.
„ჰოდა ეხლა შევდივართ აქტიური ომის ფაზაში,“ „არ შეიძლება, შენ თქვა, რომ არ ხარ ფრონტის ხაზზე, როცა შენი ჯარი, მე ვარ შენი ჯარი, ჩვენ “იმედი” ვართ ერთი გუნდი, ჩვენ თუ ვომობთ და შენ ამბობ, „მე არ ვომობ“, ეგ არის დეზერტირობა, მაგას ქვია დეზერტირობა“
“შენ შემოხვედი ამ ორგანიზაციაში, ეს ორგანიზაცია ჩაება ბრძოლაში, რომლის ყველა მოწინაღმდეგე დამდგარია და ურტყამს “იმედს”, “იმედი” არის ბოლო ციტადელი მაგათთვის რა, ჩვენი მოწინააღმდეგეებისათვის, როგორც კონკურენტებისთვის, ბიზნეს კონკურენტებისთვის, როგორიც არის “მთავარი არხი”, “რუსთავი 2”, ა.შ. ნუ ძირითადად „მთავარი არხი“, ასევე პოლიტიკური მოწინააღმდეგეებისათვის, რომელთაც ჩვენი სარედაქციო პოლიტიკა არ მოწონს. ამ ომში არის მთელი ორგანიზმი, ხვდები? დაჟე გართობა, პროდაქშენი, ნიუსზე ხომ ლაპარაკი არ არის, პოლიტიკური თოქ-შოუები, მთელ აი ამ ფრონტში შენ თუ ამბობ, რომ მე, ძმაო, პაციფისტი ვარ და მე, ძმებო, არ ვომობ…”,- ამბობს ლალიაშვილი ერთერთ აუდიოჩანაწერში.
ჯურნალისტთან საუბარში ნიკოლოზ ლალიაშვილი აღნიშნავს, რომ იმედი არის მიკერძოებული ტელევიზია და აქვს პოზიცია, რომ არის “ანტი-ნაციონალური მოძრაობა”.
მეორე შეხვედრაზე, რომელზეც ჟურნალისტები ნიკოლოზ ლალიაშვილთან ერთად განიხილავენ მომავალ გადაცემას და სარედაქციო დამოუკიდებლობას, ჟურნალისტი ამბობს, რომ მისთვის მნიშვნელოვანია სარედაქციო დამოუკიდებლობა. ლალიაშვილი პასუხობს, რომ სარედაქციო დამოუკიდებლობა იმ შემთხვევაში იქნება უზრუნველყოფილი, „თუ თქვენი ღირებულებები თანხვედრაშია არხის სარედაქციო პოლიტიკასთან“, რომ ეს პოლიტიკა არის „არა ნაცების დაბრუნებას ხელისუფლებაში“.
ნიკოლოზ ლალიაშვილი აცხადებს, რომ სარედაქციო პოლიტიკა უნდა შეესაბამებოდეს არხის “big idea” -ს, რომელიც არის: „შესაბამისად ჩვენ ვართ როგორც ჰოლოკოსტ გამოვლილი ებრაელები, რომლებიც არც ერთ შემთხვევაში, არანაირ ფასად არ ითანამშრომლებენ მესამე რაიხთან და ნაციზმთან, არასოდეს და ჩვენ გავაკეთებთ ყველაფერს რომ ნაციზმი არ აღორძინდეს. ეს არის იმედის სარედაქციო პოლიტიკა. ეს არის basic principle, ჩვენი Big idea ეგ არის“,- ვკითხულობ ლალიაშვილის საუბრის აუდიოჩანაწერში.
„სარედაქციო თავისუფლება – ასეთი რამ ბუნებაში არ არსებობს, ეს არის გამოგონილი ფანტომი“, – ასე აფასებს ვიდეოჩანაწერში ნიკოლოზ ლალიაშვილი ჟურნალისტის კითხვას, ექნებათ თუ არა სარედაქციო თავისუფლება.
ჟურნალისტებმა სარედაქციო დამოუკიდებლობის გარანტიებზე იმედთან შეთანხმებას ვერ მიაღწიეს, რის შემდეგაც ანა ცხოვრებოვამ, ნინო კვინტრაძემ, ნუცა შუბაშვილმა, მარიამ მჭედლიშვილმა და გიგა ბენიამ სამსახურიდან წასვლის შესახებ დაწერეს განცხადება.
ჩანაწერების ტრანსკრიპტი შეგიძლია იხილოთ ბმულებზე:
1) პირველი ტრანსკრიპტი
2) მეორე ტრანსკრიპტი
3) მესამე ტრანსკრიპტი.
ქარტიის გადაწყვეტილება სრულად ნახეთ აქ