პოლიციამ მარნეულში ქორწინების მოტივით არასრულწლოვნის გატაცებისა და გაუპატიურებისთვის სამი პირი დააკავა. 1995 წელს დაბადებულ ა.ო.-ს არასრულწლოვნის გაუპატიურებასა და მისთვის თავისუფლების უკანონო აღკვეთაში ედება ბრალი, ხოლო 1998
წელს დაბადებული ა.ო. და 1988 წელს დაბადებული ა.გ. არასრულწლოვნისთვის
ჯგუფურად თავისუფლების უკანონო აღკვეთაში.
“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულებმა მარნეულის მუნიციპალიტეტის ერთერთ სოფელში მცხოვრებ, 2005 წელს დაბადებულ ფ.ა.-ს, ქორწინების მოტივით, წინასწარი შეთანხმებით თავისუფლება უკანონოდ აღუკვეთეს და მათი ახლობლის სახლში მიიყვანეს, სადაც ა.ო.-მ არასრულწლოვანი გოგონა გააუპატიურა.
სამართალდამცველებმა ჩატარებული ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებების შედეგად, სამივე ბრალდებული გამოძიების დაწყებიდან მეორე დღეს დააკავეს”,– წერია შსს–ს განცხადებაში.
გამოძიება სსკ-ის 143-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „დ“ ქვეპუნქტებით, ასევე, 137-ე მუხლის მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით მიმდინარეობს, რაც წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დამნაშავისათვის წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის მიმართ ჩადენილ თავისუფლების უკანონო აღკვეთას და წინასწარი შეცნობით არასრულწლოვნის გაუპატიურებას გულისხმობს. დანაშაულები 7-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.