დავაკავეთ პირი, რომელმაც მამა მოკლა და ცხედარი აგარაკზე დამალა – შსს

სამართალდამცველებმა დამამძიმებელ გარემოებაში ოჯახის წევრის მიმართ ჩადენილი განზრახ მკვლელობის ბრალდებით 1995 წელს დაბადებული ა.ი. დააკავეს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში დაკავებულს 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.

“გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულმა გორის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სოფელში, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე მამას – 1956 წელს დაბადებულ უ.ი.-ს სანადირო თოფით თავის არეში სასიკვდილო დაზიანება მიაყენა, რის შემდეგაც დანაშაულის დაფარვის მიზნით, ცხედარი თბილისში კუთვნილ აგარაკზე გადაიტანა.

ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამართალდამცველებმა ბრალდებული ცხელ კვალზე დააკავეს.

პოლიციამ დანაშაულის ჩადენის იარაღი – სანადირო თოფი ნივთმტკიცების სახით ამოიღო” – აცხადებს შსს.

როგორც მოკლულის ახლობლები საუბრობენ, მკვლელობის შემდეგ, კვალის დაფარვის მიზნით, შვილმა მამის ცხედარი პლედებში გაახვია, ავტომობილის საბარგულში მოათავსა და თბილისთან ახლომდებარე აგარაკზე დამალა.

მეზობლების ინფორმაციით, მამა-შვილს შორის უთანხმოებას ადგილი ხშირად ჰქონდა.

„ძირითადად, თბილისში ცხოვრობდნენ, ოჯახი სოფელში ხშირად არ ჩამოდიოდა, თუმცა, ოჯახის წევრებს შორის არსებულ ურთიერთობაზე გვქონდა ინფორმაცია. გარდაცვლილი საუკეთესო ადამიანი იყო, ძალიან კარგი კაცი, ვინც იცნობდა, ყველას უყვარდა, შვილი კი – სრულიად განსხვავებული, ხშირად კამათობდა მამასთან, არც ხასიათით გამოირჩეოდა, უცნაური ბიჭი იყო ყოველთვის. ამ შემზარავ ფაქტზე მოგვიანებით გავიგეთ. სანადირო თოფით მოუკლავს, მერე კი, კვალი რომ დაეფარა, მამის ცხედარი გაუხვევია პლედებში, საკუთარი ავტომანქანის საბარგულში მოუთავსებია და ასე გადაუტანია თბილისში. თბილისთან ახლოს აგარაკიც აქვთ და იქ დაუმალავს. გაოგნებულია ყველა, მართლა საუკეთესო ადამიანი იყო უშანგი ინაური, მეუღლე შარშან გარდაეცვალა, ყველაფერი გააკეთა შვილისთვის, სახლი, აგარაკები, მანქანა – ყველაფერი შეუძინა, მაგრამ ამ შვილის, 28 წლის ბიჭის ხელით დაიღუპა. კარგია, რომ მალევე დააკავეს“, – განაცხადა ,,ინტერპრესნიუსთან“ მოკლულის მეზობელმა.