დავით ბაქრაძე: 3 მიზეზი, რატომ ვერ ჩაითვლება 150-ლარიანი კომპენსაცია ადეკვატურ ანაზღაურებად

,,ევროპული საქართველოს“ ლიდერი დავით ბაქრაძე 3 მიზეზს ასახელებს, თუ რატო ვერ ჩაითვლება შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ადეკვატურ ანაზღაურებად იმ ადამიანებისთვის, ვინც სამსახური დაკარგა.

„სახელფასო დახმარების გაცემა არის სწორი მიმართულებით გადადგმული ნაბიჯი, მაგრამ შექმნილ კრიზისულ ვითარებაში 150-ლარიანი კომპენსაცია ვერ ჩაითვლება ადეკვატურ ანაზღაურებად სამი მიზეზის გამო. პირველი მიზეზი – საქართველოში შრომისუნარიან მამაკაცზე საარსებო მინიმუმი გახლავთ 199 ლარი და იმ ვითარებაში, როდესაც ხელისუფლება საარსებო მინიმუმს აძლევს მოსახლეობას და თან არ ითვალისწინებს მათი საწყისი ხელფასის ზომას, რა თქმა უნდა, ეს ვერ იქნება სამართლიანი კომპენსაცია.

მეორე მიზეზი გახლავთ ის, რომ ეს კომპენსაცია არ ითვალისწინებს მოსახლეობის ყველაზე გაჭირვებულ ფენებს, მათ შორის, თვითდასაქმებულებს, განსაკუთრებით სოფლებში თვითდასაქმებულებს, სოციალურად დაუცველებს, პენსიონერებს ანუ იმ ხალხს, ვისაც ყველაზე მეტად სჭირდება დღეს სახელმწიფოსგან ფინანსური დახმარება.

მესამე მიზეზი გახლავთ ის, რომ ცალკე აღებული სახელფასო კომპენსაცია, თუ ის არ იქნა სხვა კომპლექსურ ნაბიჯებთან ერთად, როგორიც არის გადასახადების შემცირება, საპენსიო ფონდიდან შენატანების გატანის მიცემის საშუალება, რომლითაც თითოეული ოჯახი მინიმუმ 500 ლარს აიღებს. ამ ყველაფერთან და კომპლექსურ ზომებთან ერთად ჩამოყალიბების გარეშე, ცალკე აღებულ 150 ლარს ვერ ექნება ამ ვითარებაში მოსახლეობის დახმარების და ეკონომიკური პრობლემების მოგვარების ფუნქცია,“- განაცხადა დავით ბაქრაძემ.

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ინფორმაციით, საქართველოს ხელისუფლება 6 თვის მანძილზე 150 ლარის დახმარებას მისცემს იმ ადამიანებს, ვინც კორონავირუსის პანდემიის გამო სამსახური დაკარგეს.

ეს ინფორმაცია ფონდის ვებგვერდზე ქვეყნების მიერ Covid19-ის წინააღმდეგ გატარებული ზომების ჩამონათვალში საქართველოს გრაფაში წერია.