12 მომხრე, ორი წინააღმდეგ – საპარლამენტო უმრავლესობის წევრის დავით მათიკაშვილის მეუღლე, ნინო მამულაშვილი უვადო მოსამართლედ აირჩიეს.
იუსტიციის უმაღლეს საბჭოში კენჭისყრა რამდენიმე წუთის წინ დასრულდა.
მამულაშვილი იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამწლიანი გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ უვადოდ თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში დანიშნა.
მამულაშვილი სასამართლოებში სხვადასხვა თანამდებობაზე მანამდეც მუშაობდა, თუმცა მოსამართლე 2017 წელს გახდა, მას შემდეგ, რაც მისი ქმარი ქართული ოცნების სიით პარლამენტში მოხვდა.
მამულაშვილის დანიშვნასთან დაკავშირებით კითხვები აქვს იუსტიციის საბჭოს არამოსამართლე წევრს, ნაზი ჯანეზაშვილს. მისი თქმით, მამულაშვილი სანამ მოსამართლე გახდებოდა, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მიერ გამოცხადებულ კონკურსში 3-ჯერ მონაწილეობდა, თუმცა იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ სამივეჯერ უარი უთხრა მას მოსამართლის თანამდებობაზე გამწესებაზე.
“2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდგომ, მას შემდეგ, რაც დავით მათიკაშვილი მეცხრე მოწვევის პარლამენტის წევრი გახდა რამდენიმე თვეში ნინო მამულაშვილმა იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მხარდაჭერა მოიპოვა და მეოთხე მცდელობის შემდეგ გახდა მოსამართლე. ცხადია, ეს გარემოება აჩენს კითხვას“ – ამბობს ჯანეზაშვილი და თვლის, რომ ეს ადასტურებს მათიკაშვილის კავშირს ე.წ. “მოსამართლეთა კლანთან”.