“ჩვენთვის მნიშვნელოვანია არსებული პორტების მოდერნიზაცია. ეს პროცესი მიმდინარეობს – თვე ნახევრის წინ ახალი ტერმინალის გახსნის მომსწრენი ვიყავით. ჩვენთვის ასევე მნიშვნელოვანია ანაკლიის ღრმაწყლოვანი პორტის აშენება. ყველა პორტი, რომელიც კეთდება, უფრო მაღალ სიღრმეებზე და მეტი ტვირთამწეობის გემებზეა გათვლილი. ანაკლიის პროექტი საკმაოდ დიდია. რამდენიმე დაინტერესებული ინვესტორია, რომელიც სახელმწიფოსთან ამაზე საუბრობს. დეტალური კვლევა ჩავატარეთ ჰოლანდიურ კომპანიასთან, რომელმაც საქართველოს პორტები შეისწავლა, რადგან ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, რომ საერთო სურათი დაგვენახა და არ გვქონდა მხოლოდ ერთ პორტზე აქცენტი. დღეს ეს კვლევები არსებობს, არის გარკვეული მიგნებები, ჩვენთვის დასკვნებია გაკეთებული. ჯერ კიდევ ომის დაწყების წინა დღეებში მივიღეთ ეს კონკრეტული პროდუქტი. ამის საფუძველზე მოვამზადეთ პროგრამა, როგორ უნდა განვავითაროთ ანაკლია. ეს რამდენიმე ელემენტს მოიცავს, მათ შორის არის საარბიტრაჟო დავების მოგვარების საკითხი, რომელშიც ჩვენი პოზიციები უნდა წარვადგინოთ საკონსულტაციო იურიდიულ კომპანიასთან ერთად. საბოლოოდ, ჩვენ ამ პროექტს განვახორციელებთ”

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, ანაკლიის პორტის მშენებლობის საკითხზე რამდენიმე ინვესტორს ინტერესი აქვს გამოცხადებული.