დავოსის 2022 წლის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი ზელენსკის ჩართვით გაიხსნება და რუსეთის გარეშე ჩატარდება

დავოსის ყოველწლიური მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი შვეიცარიაში 22–26 მაისს ჩატარდება. წელს რუსეთის უკრაინაში შეჭრის გამო დასავლურმა ქვეყნებმა აგრესორი ქვეყნისგან დისტანცირება გადაწყვიტეს, ამიტომ რუსეთის წამომადგენლები ოფიციალურ ღონისიძბებზე არ იქნებიან. როგორ ჩატარდება დავოსი 2022 და რა თემების განხილვა იგეგმება:

პანდემიის გამო ორ წლიანი პაუზის  შემდეგ მსოფლიო ეკონომიკური ფორუმი დავოსში უკვე მონაწილეებს არა ონლაინ რეჟიმში, არამედ ფიზიკურად უმასპინძლებს. შვეიცარული მედია აღნიშნავს, რომ ორგანიზატორებმა არა მხოლოდ ის რუსები არ დაპატიჟეს, ვინც სანქცირებულნი არიან, არამედ საბჭოთა კავშირის პრეზიდენტის, მიხეილ გორბაჩოვის პერიოდიდან მოყოლებული პირველად ფორუმზე რუსეთი საერთოდ ვერ მიიღებს მონაწილეობას.

მედიის ცნობით დავოსის ფორუმს 2500 ადამიანი ეწვევა, მათ შორის 50 მსოფლიო ლიდერი. ფორუმის დევიზია “გარდამტეხი მომენტი ისტორიაში: სახელმწიფო პოლიტიკა და ბიზნეს სტრატეგიები“.

ფორუმის მთავარი თემები რუსეთის უკრაინაში შეჭრა, უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენა, კორონავირუსის პანდემია და კლიმატის ცვლილება იქნება.

კონფერენციის გახსნის დღეს შეკრებილებს ვიდეოჩართვით მიმართავს უკრაინის პრეზიდენტი. უკრაინის დელეგაციის შემადგენლობაში, რომლებიც პირადად დაესწრებიან დავოსის ფორუმს, იქნებიან უკრაინის ციფრული ტრანსფორმაციის მინისტრი, მიხაილ ფიოდოროვი, კიევის მერი ვიტალი კლიჩკო და ბიზნესმენი ვიქტორ პინჩუკი. უკვე დაანონსებულია, რომ სტუმრებს შორის იქნება აშშ–ს სახელმწიფო დეპარტამენტის ყოფილი სპეცწარმომადგენელი უკრაინის საკითხებში კურტ ვოლკერი.

ზელენსკის თქმით, დავოსის 2022 წლის ფორუმი უკრაინისთვის ძალიან მნიშვნელოვანი იქნება.

“განიხილება ომის შემდგომი აღდგენა. ყველაფერს ვაკეთებთ, რომ მსოფლიოს მხარდაჭერა მაქსიმალურად მოვიპოვოთ. დავოსის ფორუმში მონაწილეობა კი ამისთვის ერთ–ერთი საუკეთესო გზაა“– თქვა ზელენსკიმ დავოსში მისი სიტყვით გამოსვლის დაანონსებისას.

როგორც ფორუმის ოფიციალურ საიტზეა ნათქვამი, ერთ–ერთი მთავარი თემა რუსეთის უკრაინაში შეჭრაა. ასევე დავოსი 2022–ის მონაწილეები განიხილავენ გადაუდებელ ჰუმანიტარულ და უსაფრთხოების პრობლემებს, თუმცა ამავე დროს “წამოიწევა ხანგრძლივი ეკონომიკური, ეკოლოგიური და საზოგადოებრივი პრიორიტეტები.“ საუბარი იქნება პანდემიაზე, გეოეკონომიკურ რყევებზე, კლიმატის ცვლილებასა და უკრაინის ინფრასტრუქტურის აღდგენაზე.

უკრაინელმა ბიზნესმენმა, ვიქტორ პინჩუკმა დავოსის ფორუმზე ის ფართი დაიქირავა, სადაც ადრე “რუსული სახლი“ იყო ხოლმე განთავსებული. სწორედ ამ ტერიტორიაზე მოეწყობა თემატური გამოფენა, რომელიც უკრაინაში რუსების მიერ ჩადენილ სამხედრო დანაშაულს მიეძღვნება.

დავოსის 2022 წლის ფორუმი კორონავირუსის ომიკრონის შტამის გავრცელების გამო რამდენიმე თვით გადაიდო და ტრადიციულ დროს, ანუ თებერვალში მხოლოდ რამდენიმე ონლაინ სესია შედგა.