”დალურჯებული გამოვიყვანე ბაღიდან” – მშობლის თქმით, აღმზრდელმა მის შვილს სცემა

სავარაუდო ძალადობა ბავშვზე თბილისის 128-ე ბაგა-ბაღში – 3 წლამდე ბავშვის მშობელი ამბობს, რომ მის შვილს აღმზრდელი ფიზიკურად გაუსწორდა. ამის შესახებ ბავშვის დედამ, ფორმულასთან ისაუბრა და თქვა, რომ ბავშვზე აღმზრდელმა, საჭმლის ჭამის მოთხოვნის გამო  ფიზიკურად იძალადა.

“ფიზიკური ძალადობა იყ შენჯღრევა და ხელის დარტყმა. დალურჯებული ბავშვი გამოვიყვანე ბაღიდან. შემდეგ მოვითხოვე კამერების ამონაწერი და ჩემი თვალით ვუყურე ძალადობის ფაქტს. ბავშვი უცნობ პირებს რომ ხედავს, იმალება მშობლის უკან, სახეზე ხელს იფარებს ვიღაცა რომ უახლოვდება, რომ სახეში არ გაარტყას, მე ეს შთაბეჭდილება მრჩება. სახის მიდამოში ეშინია ვინმეს მიახლოების”. – ამბობს ის.

ბაღის დირექტორი, მანანა ყავლაშვილი ყვება, რომ შემთხვევა 23 აპრილს მოხდა. მისი თქმით, აღმზრდელი სამსახურიდან უკვე გათავისუფლებულია.

“საღამოს შემომივიდა ინფორმაცია. დილით დავიბარე პროგრამისტი, რადგან კამერები ჭედავდა. გამოვუძახე პოლიციას. ვაცნობე ბაღების სააგენტოსაც. აღმზრდელი გათავისუფლებულია, მის თანაშემწეს სასტიკი საყვედური გამოვუცხადე და ჯგუფიდან გამოვიყვანე, სამუშაო ადგილი შევუცვალე. გამოძიება დაწყებულია, ჩვენებაც მივეცი”. – თქვა ყავლაშვილმა ფორმულასთან.