დამცირება რუსეთისთვის თუ ხაფანგი უკრაინისთვის? რას ამბობს დასავლური მედია ხერსონიდან რუსების გასვლაზე

მსოფლიოში უმსხვილესი გამოცემები აანალიზებენ რუსეთის სარდლობის განცხადებას ხერსონიდან ჯარების გაყვანის შესახებ. კომენტარებში სიფრთხილე ჭარბობს.ანალიტიკოსები ამბობენ, რომ რუსეთის ამ მარცხის მიუხედავად ხერსონის უკრაინის კონტროლის ქვეშ სრულ დაბრუნებაზე საუბარი ნაადრევია.

“დიდი გამარჯვება კიევისთვის, რომელიც ცვლის სამხედრო ძალთა განლაგების სურათს ზამთრის წინა დღეს”, წერს Financial Times. გაზეთი, ისევე როგორც მრავალი სხვა დასავლური გამოცემა, იხსენებს, რომ ბოლო დრომდე მთელი ხერსონი – უკრაინის ერთადერთი რეგიონალური ცენტრი, რომელიც რუსეთმა დაიპყრო –მოფენილი იყო პლაკატებით, რომ რუსეთი სამუდამოდ  მოვიდა, მაგრამ სინამდვილეში ეს “სამუდამოდ” რვა თვეზე  ცოტა მეტხანს გაგრძელდა.

FT–ს  მოჰყავს ანალიტიკოსებისა და დაზვერვის წყაროების მოსაზრება, რომლის მიხედვით, როდესაც უკრაინის არმია შეძლებს ხერსონში შესვლას, ეს უკრაინის შეიარაღებულ ძალებს უფრო მეტ შესაძლებლობას მისცემს რუსულ შენაერთებზე შეტევისთვის. მაგრამ ნაადრევია იმის თქმა, რომ ეს გარდაუვალია და კიდევ უფრო შეასუსტებს რუსეთის არმიას: რუსეთი დიდი ხანია ამაგრებს საკუთარ ძალებს დნეპრის მარჯვენა სანაპიროზე და თუ მარცხენა სანაპირო ძირითადად სტეპურია, აქ არხები და ჭაობიანი რელიეფი გამაგრებას ხელს შეუწყობს.

სამხედრო ანალიტიკოსი რობ ლი ასევე აღნიშნავს, რომ ხერსონის მახლობლად დნეპრის ნაპირებზე სრული წვდომა უკრაინას მისცემს შესაძლებლობას შეტევა მოახდინოს რკინიგზის სადგურებზე, საწყობებსა და სხვა ობიექტებზე, ყოველ შემთხვევაში, ყირიმის ჩრდილოეთ ნაწილში, რომელიც 2014 წლიდან ანექსირებულია.

BBC-ის კომენტატორები აღნიშნავენ, რომ უკრაინის ოფიციალური პირები უკიდურესად ფრთხილად ეკიდებიან რუსული სარდლობის სიტყვებს ჯარების გაყვანის შესახებ  და უკრაინის შეიარაღებული ძალები აპირებენ ყურადღებით შეისწავლონ სიტუაცია ქალაქთან მიახლოებამდე. მეტიც, ქალაქში დარჩენილი ადგილობრივი მცხოვრებლები ამბობენ, რომ ქუჩაში კვლავ ხედავენ რუს ჯარისკაცებს, კერძოდ, ჩეჩნეთიდან.

BBC-ს ასევე მოჰყავს არაერთი დასავლელი ოფიციალური პირის რეაქცია ხერსონიდან ჯარების გაყვანაზე. ისინი ზოგადად ბედნიერები არიან, რომ უკრაინას იარაღით მხარდაჭერა მუშაობს.

ბრიტანელი პოლიტოლოგი და ერთ-ერთი მთავარი ექსპერტი რუსეთის საკითხებში, მარკ გალეოტი BBC Radio 4–თან საუბრისას ყველას აფრთხილებს ნაადრევი დასკვნები არ გააკეთონ, თუმცა მისი აზრით, ხერსონიდან რუსული ჯარის გასვლა იმას ნიშნავს, რომ თუ ადრე რუსეთი მხოლოდ იმაზე ფიქრობდა, როგორ მოეგო ომი, ახლა იმაზე დაიწყო ფიქრი, როგორ არ წააგოს ის.

“იქნებ ეს ხაფანგი იყო?” –კითხულობს ჟურნალი Economist. მაგრამ ის თავადვე წერს, რომ გამოცემის წყაროები უფრო მეტად ადასტურებენ ჯარების რეალურად გაყვანას. ხოლო კახოვსკის დამბის  აფეთქება, რომელიც, როგორც მედია წერდა, რუსული ჯარების გაყვანამდე იყო დანაღმული, გაცილებით მეტ ზიანს მიაყენებდა თავად რუსეთს, ვიდრე უკრაინას.

“დამამცირებელი, მაგრამ პროგნოზირებადი”, – ასე აღწერს სიტუაციას CNN. „ამ ეტაპზე უცნობია, როგორი რეაქცია ექნებათ უკრაინელებს“, ამბობს CNN-ის სამხედრო ანალიტიკოსი ტიმ ლისტერი. „მათი ჯარები სამხრეთის ფრონტის გამოფიტულია, მიწა კი, რომლის გავლაც მათ მოუწევთ სავარაუდოდ ძლიერად არის დანაღმული“– ამბობს ის.

ლისტერს მიაჩნია, რომ ტაქტიკური თვალსაზრისით, რუსეთის მანევრი გასაგებია: რუსული ჯარების მეთაურის, სერგეი სუროვიკინის პრიორიტეტი, როგორც ჩანს, რამდენიმე რთული თვის შემდეგ რუსეთის თავდაცვითი ხაზების სტაბილიზაციაა. მაგრამ პოლიტიკური გაგებით, ჯარების გაყვანა უპირობო და მძიმე მარცხია.

რუსეთისთვის მძიმე პოლიტიკურ შედეგებზე საუბრობს ტელეარხი „ალ ჯაზირაც“. ის აანალიზებს ხელისუფლების მომხრე მედიისა და ტელეგრამის არხების რეაქციას – ზოგიერთ მათგანს ასიათასობით და მილიონობით ადამიანის აუდიტორიაც ჰყავს. ისინი ან იძულებულნი არიან ისაუბრონ „რთულ გადაწყვეტილებაზე“, ან მწარე სინანულით განაცხადონ, რომ რუსეთი თმობს ტერიტორიებს, რომლებიც მანამდე თავის საკუთრებად გამოაცხადა.