უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა დანაღმული ველების სიმჭიდროვის გამო ზაპოროჟიეს რაიონში შეტევითი სტრატეგია შეცვალეს. იმის ნაცვლად, რომ რუსეთის თავდაცვა კონტრშეტევაში დასავლეთის ქვეყნების მიერ გადაცემული ჯავაშანმანქანებით და ტანკებით გაარღვიონ, უკრაინის სამხედროები წინ ფეხით მიიწევენ. ამის შესახებ Washington Post უკრაინის არმიის ჯარისკაცებზე დაყრდნობით წერს.
რუსული პოზიციების წინ 5-დან 16 კმ-მდე მანძილი ნაღმებით არის მოფენილი. უკრაინის შეიარაღებული ძალების ხანგრძლივმა მომზადებამ კონტრშეტევისთვის რუსეთის ჯარებს მისცა დრო, რომ ბუფერულ ზონაში ტერიტორიები დაენაღმათ, რაც ახლა ართულებს უკრაინის არმიის წინსვლას და იწვევს დანაკარგებს – როგორც აღჭურვილობაში, ასევე ცოცხალ ძალაში.
შედეგად, შებინდებისას მცოცავი განმნაღმველები ცდილობენ ნაღმების ხელით გაუვნებელყოფას. ამავდროულად, მტერს შეუძლია თვითმფრინავებიდან ჩამოაგდოს ახალი ნაღმები და მათი ძალისხმევა წყალში ჩაყაროს.
ამერიკელებთან საუბარში უკრაინელმა სამხედროებმა აღნიშნეს, რომ დანაღმულ ველებზე ბრძოლებმა აჩვენა მიწოდებული აღჭურვილობის დაუცველობა, განსაკუთრებით ამერიკული ბრედლის ქვეითი საბრძოლო მანქანების და გერმანული ლეოპარდის ტანკებისა.
როგორც ვაშინგტონ პოსტი აღნიშნავს, ნაღმის აფეთქების შემდეგ ასეთ მანქანებში სამხედრო მოსამსახურეების უმეტესობა მცირე დაზიანებებით გადარჩება, მაგრამ ტექნიკა ვეღარ მოძრაობს. გარდა ამისა, ნაღმზე ჩარჩენილი ტანკი ან ქვეითთა საბრძოლო მანქანა რუსული არმიისთვის ადვილი სამიზნე ხდება. ტანკის ჯავშანი ვეღარაფერს გიშველის, რადგან დანაღმული ველი ძალიან ღრმაა და ადრე თუ გვიან ტექნიკა გაჩერდება და ამის შემდეგ ის განადგურდება კონცენტრირებული ცეცხლით. ამის შესახებ უკრაინის შეიარაღებული ძალების სარდალმა, ვალერი ზალუჟნიმ Washington Post-თან ინტერვიუში განაცხადა.
გაზეთი წერს, რომ კონტრშეტევამდე უკრაინამ პარტნიორებისგან ტერიტორიების განაღმვისთვის საჭირო აღჭურვილობის 15%-ზე ნაკლები მიიღო. რუსული ნაღმების მჭიდრო ველების გამო, უკრაინის შეიარაღებული ძალები ჯერ არ რისკავს ყველა ბრიგადის და მიღებული აღჭურვილობის გამოყენებას უფრო ფართომასშტაბიანი შეტევითი ოპერაციების ჩასატარებლად. უკრაინის პრეზიდენტმა ვლადიმირ ზელენსკიმ ასევე ყურადღება გაამახვილა ნაღმების გასაწმენდად სპეციალურ აღჭურვილობაზე – სამხრეთ კორეის პრეზიდენტთან კიევში მოლაპარაკების შედეგების შემდეგ, მან განაცხადა, რომ სეულმა უკვე დაიწყო უკრაინის შეიარაღებული ძალებისთვის ასეთი აღჭურვილობის გადაცემა.
The New York Times ასევე წერს მჭიდროდ მიმობნეულ ნაღმებზე, რომელიც რუსეთმა უკრაინის შეიარაღებული ძალების შეტევის მიმართულებებზე განალაგა. გაზეთი უკრაინელ ექიმებზე დაყრდნობით აღნიშნავს, რომ დაზიანებების მთავარ მიზეზებს შორის ნაღმებმა არტილერიას გადააჭარბა.
პლასტიკური ნაღმები ცალკე პრობლემას წარმოადგენს – მათი ფრაგმენტები ჯარისკაცების სხეულში ძნელია ამოსაცნობია, რადგან სამედიცინო ლითონის დეტექტორები მათ ვერ ხედავენ. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც უკრაინის შეიარაღებული ძალების კონტრშეტევა გაჭიანურდება, არის რუსული ავიაცია: „წინასვლასთან ერთად, უკრაინელი ჯარისკაცები სცილდებიან მათი საჰაერო თავდაცვის ზოგიერთი სისტემის ხელმისაწვდომობას და დაუცველნი ხდებიან რუსული ვერტმფრენების თავდასხმის მიმართ“.
სწორედ ამიტომ უკრაინა დაჟინებით მოითხოვს, რომ დასავლეთმა მას სწრაფად გადასცეს თანამედროვე საბრძოლო ავიაგამანადგურებლები, მაგალითად, ამერიკული F-16.