საპატრიარქოს პრესპიკერი, ანდრია ჯაღმაიძე 5 ივლისის ძალადობრივ აქციასთან დაკავშირებით საპატრიარქოს პასუხისმგებლობას არ გრძნობს.
“საპატრიარქომ რატომ უნდა იგრძნოს პასუხისმგებლობა?! რომელი არაერთი მოწოდება იყო ძალადობაზე? ერთი იყო… მერე რაა, რომ მეუფე იაკობი იყო რუსთაველზე? მეც ვიყავი”, – თქვა მან.
ჯაღმაიძე ფიქრობს, რომ რუსთაველის გამზირზე გამართულ აქციებზე ლექსო ლაშქარავა “აღარავის აინტერესებს”.
“ძალადობა ახლა ვხედავთ ამ დღეებში რაც ხდება იმ მიტინგზე. ვერ ხედავთ, რა ხდება? იქ არის ძალადობა. საპატრიარქოს მიმართ არის სიძულვილის ენა აღუწერელი უბრალოდ. დღეს ლექსო იქ აღარავის აინტერესებს, მე მგონი. ნუ უმეტესობას არ აინტერესებს. ლექსოს დღეს წესს აუგებენ, მას უნდოდა პატრიარქთან მოსვლა. მე დარწმუნებული ვარ, რომ მაგ მიტინგზე ლექსო არ მივიდოდა”,– თქვა ჯაღმაიძემ.
ლექსო ლაშქარავა 11 ივლისს, დილით, დედამ საკუთარ საწოლში გარდაცვლილი იპოვა. მას 5 ივლისს სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს პუტინისტური ჯგუფები თავს დაესხნენ და სასტიკად გაუსწორდნენ.
მედიაკორპუსი და ოპოზიცია პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის გადადგომას ითხოვს ძალადობის წახალისების გამო. მათ ბოლო 2 დღეში რუსთაველის გამზირზე მრავალათასიანი აქციები გამართეს.