უმრავლესობის წევრი, სოზარ სუბარი ფიქრობს, რომ დასავლელი პარტნიორები და არასამთავრობო ორგანიზაციები ხელისუფლებისგან ითხოვენ, სასამართლო არ იყოს დამოკიდებელი.
“თავდაპირველად რეფორმის მიმდინარეობის დროს ჩვენი დასავლელი პარტნიორების და არასამთავრობო ორგანიზაციების მთავარი მოთხოვნა იყო, მაქსიმალურად დამოუკიდებელი ყოფილიყო სასამართლო პოლიტიკური ჩარევებისგან და ჰოი საოცრებავ, ახლა აღმოჩნდა, რომ სრულიად საპირისპიროს ითხოვენ ჩვენგან.
ითხოვენ, რომ სასამართლო აღარ იყოს დამოუკიდებელი და თვითკმარი ორგანიზმი და მაქსიმალური ჩარევა მოხდეს პოლიტიკური ნიშნით, მათ შორის არა მხოლოდ ერთი პარტიის მხრიდან, არამედ შეჯერებული, ყველა პოლიტიკური პარტიის მხრიდან. მე ეს არ მგონია სწორი მიდგომა“, – განაცხადა სუბარმა “იმედთან” საუბრისას.
ცნობისთვის, აშშ-სა და ევროკავშირის ელჩი, არასამთავრობო ორგანიზაციები და ოპოზიციური პარტიები ითხოვენ, შეჩერდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნის პროცესი. ისინი მოუწოდებენ მმართველ პარტიას, შეასრულოს შარლ მიშელის შეთანხმების პუნქტები.
ამავე საკითხზე დღეს იუსტიციის უმაღლეს სკოლაში მოსამართლეებმა შეხვედრა გამართეს. შეხვედრის შემდეგ იუსტიციის უმაღლესმა საბჭოს წევრმა, დიმიტრი გვრიტიშვილმა თქვა, რომ “მოსამართლეებს აქვთ მოსაზრება, სტრატეგიული პარტნიორების ქმედებები არ შეესაბამება სუვერენულ სახელმწიფოსთან ურთიერთობის პრინციპებს”.