“დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის EU-ში გასაწევრიანებლად” – მიმართვა ემანუელ მაკრონს

“დაუყოვნებლივ დაიწყოს მოლაპარაკებები უკრაინის EU-ში გასაწევრიანებლად” – ევროკავშირის მოქმედი და ყოფილი პოლიტიკოსები, მეცნიერები, ჟურნალისტიები, ლიტერატურისა და სამეცნიერო სფეროს წარმომადგენლები საფრანგეთის პრეზიდენტს, ემანუელ მაკრონს მიმართავენ. ისინი მოითხოვენ მაკრონისგან რომ გამოიყენოს თავისი როგორც ევროსაბჭოს მოქმედი თავჯდომარე ქვეყნის პრეზიდენტის უფლებამოსილება და დაუყოვნებლივ დაიწყოს უკრაინის ევროკავშირში გაწევრიანებისთვის საჭირო მოლაპარაკებები.

“საფრთხე, რომელიც ემუქრება უკრაინის და მთლიანად ევროპის უსაფრთხოებასა და მთლიანობას, მეორე მსოფლიო ომის შემდეგ უპრეცედენტოა. 

ერთი მხრივ, ევროკავშირის ზოგიერთმა ქვეყანამ უკვე მიიღო გაბედული გადაწყვეტილება. ესტონეთმა, ლიეტუვამ, ლატვიამ, ჩეხეთმა, საფრანგეთმა და პოლონეთმა გადაწყვიტეს, უკრაინას სამხედრო და სამოქალაქო დახმარება გაუწიონ, ხოლო დანიამ, ნიდერლანდებმა და ესპანეთმა აიღეს ვალდებულება, გააძლიერონ სამხედრო ყოფნა რეგიონში. საფრანგეთი იმავეს გაკეთებას გეგმავს რუმინეთში. 

მეორე მხრივ, ევროკავშირი მუშაობს აშშ-სა და NATO-ს წევრ სხვა ქვეყნებთან ახალი სანქციების შემუშავებაზე, რომელიც რუსეთის მხრიდან უკრაინაში შეჭრას მოჰყვება. 

ეს ნაბიჯები სწორია შეკავების გაძლიერების კუთხით, თუმცა, შესაძლოა არ იყოს საკმარისი უკრაინის სტაბილურობის უზრუნველსაყოფად მოკლე და საშუალოვადიან პერსპექტივაში. 

ამ მიზეზების გამო  მოგმართავთ თქვენ, განსაკუთრებით იმ ქვეყნის პრეზიდენტის რანგში, რომელიც ახლა ევროპულ საბჭოს ხელმძღვანელობს, იმ იმედით, რომ ხელს შეუწყობთ სხვა ქვეყნების მთავრობებს შორის იმ ინიციატივის წახალისებას, რომელიც კრიზისში ევროკავშირს ჭეშმარიტად სტრატეგიულ მოთამაშედ აქცევს. 

მას შემდეგ, რაც 2015 წელს ევროკავშირმა აღიარა „უკრაინის ევროპული მისწრაფებები“ და მიესალმა „მის ევროპულ არჩევანს“, დადგა დრო, მივცეთ უკრაინას ევროკავშირში გაწევრიანების რეალური პერსპექტივა ამის შესახებ მოლაპარაკებების დაუყონებლივ გახსნით, მიზნისთვის, რომ ინტეგრაციის პროცესი ათი წლის განმავლობაში დასრულდეს. 

იმ შემთხვევაშიც კი, თუ არსებული კრიზისი ღია კონფლიქტში არ გადაიზრდება, უკრაინა დარჩება დესტაბილიზაციის საფრთხის პირობებში. 

რეფორმების ზუსტი და სავალდებულო გრაფიკი, რომელსაც გაწევრიანების პროცესი მოჰყვება, იქნება ძლიერი სტიმული ამ ქვეყანაში დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის გასაძლიერებლად და, შესაბამისად, სერიოზული ანტიდოტი ნებისმიერი მომავალი დესტაბილიზაციის მცდელობისთვის. დიდი იმედი გვაქვს, რომ ამ წინადადებას გაითვალისწინებთ”. – ნათქვამია მიმართვაში.