დაუშვებელია, სასამართლომ მედიას წაართვას უფლება ადგილიდან გააშუქოს პროცესი – ქარტია

დაუშვებელია, სასამართლომ მედიას წაართვას უფლება ადგილიდან გააშუქოს პროცესი, ან სხვადასხვა მედია არათანაბარ პირობებში ჩააყენოს – ნათქვამია, ჟურნალისტური ეთიკის ქარტიის განცხადებაში. ამ განცხადებით, ქარტია დღეს, ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესს ეხმაურება. ქარტიაში აღნიშნავენ, რომ საქართველოს კანონმდებლობა არ ითვალისწინებს სხდომათა დარბაზში დამსწრეთა, მათ შორის, ჟურნალისტების რაიმე ფორმით კვოტირებას.

“ქარტია მიიჩნევს, რომ დაუშვებელია სასამართლომ მედიას წაართვას უფლება დაესწროს და ადგილიდან გააშუქოს მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი, ასევე მიუღებელია სხვადასხვა მედია არათანაბარ პირობებში ჩააყენოს. სასამართლო ვალდებულია უზრუნველყოს პროცესის საჯაროობა ყველა ჟურნალისტისთვის და სასამართლო სხდომაზე დამსწრეთა შერჩევის შემთხვევაში იხელმძღვანელოს თანაბრობის პრინციპით.

მიუხედავად იმისა, რომ მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესი საზოგადოებრივი მაუწყებლის პირდაპირი ეთერით გადაიცემოდა და ის ხელმისაწვდომი იყო სხვა მედიებისთვისაც, სასამართლო დარბაზში მოხვედრილი ჟურნალისტების ნაწილს არ მიეცა აუდიოჩანაწერის გაკეთების უფლება, რაც ეწინააღმდეგება საერთო სასამართლოების შესახებ საქართველოს კანონს, რომელიც ადგენს, რომ “სასამართლო სხდომის დარბაზში მყოფ ნებისმიერ პირს აქვს უფლება, სასამართლოს მიერ წინასწარ გამოყოფილი ადგილიდან განახორციელოს სასამართლოს სხდომის აუდიოჩაწერა”,-  წერია განცხადებაში.