“დაფიქსირდა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე განთავსებული მძიმე შეიარაღებისა და სამხედრო მოსამსახურეების გარკვეული ნაწილის უკრაინაში მიმდინარე საომარ მოქმედებებში ჩართვა. აღნიშნულის მიუხედავად, ადგილზე კვლავ რჩებოდა საოკუპაციო ძალების შესაძლებლობათა 50%-ზე მეტი. აღნიშნული ძალები განაგრძობდნენ უკანონო სამხედრო წვრთნებს და სხვა უკანონო აქტივობებს.
ოკუპირებულ ტერიტორიაზე მცხოვრები ეთნიკური ქართველების მიმართ, გასული წლების მსგავსად, საოკუპაციო ძალის მხრიდან მიმდინარეობდა ეთნიკური დისკრიმინაცია და გრძელდებოდა მათი ფუნდამენტური უფლებების შეზღუდვა.
ოკუპირებულ ტერიტორიებზე, რუსულ სამხედრო შემადგენლობასთან ერთად, აქტიურად მოქმედებდნენ რუსეთის ფედერაციის სპეციალური სამსახურები. რუსეთ-უკრაინის ომის ფონზე, რუსეთის ფედერაციის სამხრეთ სამხედრო ოლქის მე-7 და მე-4 სამხედრო ბაზებზე განთავსებულმა საოკუპაციო ძალებმა სხვადასხვა ტიპისა და მასშტაბის რამდენიმე ათეული უკანონო სწავლება ჩაატარეს. გარდა ამისა, ხსენებულ ბაზებზე ხორციელდებოდა გეგმური როტაციები, შეიარაღებისა და სამხედრო-ტექნიკური საშუალებების განახლების პროცესი.
აღსანიშნავია, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობის წინააღმდეგ მიმდინარე სამხედრო მოქმედებებში მონაწილეობდნენ ე.წ. მოხალისეები როგორც ოკუპირებული ცხინვალის რეგიონიდან, ისე აფხაზეთიდან. მათ შორის, დადასტურდა არაერთი პირის დაღუპვის ფაქტი.
რუსეთში გამოცხადებული მობილიზაციის პირობებში, რუსეთ-საქართველოს სახელმწიფო საზღვრის როკის მონაკვეთზე ამოქმედდა სამხედრო გაწვევის პუნქტი, რომლის მეშვეობითაც გაწვევის საკითხებთან დაკავშირებით ხორციელდებოდა ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში მცხოვრები მოსახლეობის კონტროლი“,
განაცხადა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ხელმძღვანელმა, გრიგოლ ლილუაშვილმა.