დაღუპულებს მასობრივ საფლავებში ვმარხავთ, არ გვაქვს წყალი, საკვები – მარიუპოლის მერის მოადგილე

მარიუპოლის მერის მოადგილე, სერგი ორლოვი FORBES-თან ინტერვიუში ქალაქში ბლოკადის გამო შექმნილ გაუსაძლის ვითარებაზე ყვება. მისი თქმით, ქალაქში 13 მარტის მონაცემებით 2358 ადამიანი იყო გარდაცვლილი, თუმცა ეს არის ცხედრები, რომლებიც ქუჩაში ნახეს, ნანგრევების ქვეშ ჯერ კიდევ არიან ადამიანები, რომელთა შესახებაც ადგილობრივმა ხელისუფლებამ არაფერი იცის, ამიტომ დაღუპულთა რაოდენობა შესაძლოა ორჯერ მეტი იყოს.

ორლოვის ინფორმაციით, გარდაცვლილებს ძირითადად მასობრივ საფლავებში მარხავენ, ზოგს კი საკუთარი სახლის ეზოში, რადგან რუსები სასაფლაოებამდე ხალხს არ უშვებენ.

მისი განცხადებით, ქალაქში არ არის არცერთი შენობა, რომელიც არ დაზიანებულა ან განადგურებულა. მერის მოადგილის ცნობით, ქალაქში პრობლემაა საკვებზეც, განსაკუთრებით კი 3000 ბავშვისთვის, რომელთაც საკვებიც მარიუპოლში არ იშოვება.

“[ყველაზე რთულია], როცა კითხვაზე პასუხი არ გაქვს და არ იცი, რა თქვა. აქ 3000 ბავშვი გვყავს, მათ დედები კვებავენ. დედა მეკითხება – სად ვიშოვო ბავშვის საკვები? და ჩვენ გვესმის, რომ ის არ არსებობს. დედა რეკავს, არ ყვირის, არ ჩხუბობს და მშვიდი ხმით გვეკითხება: “აი, ბავშვი მყავს ხელში, შიმშილით კვდება, რა ვქნა?”. და ამ კითხვაზე პასუხი არ გაქვს”,– ყვება ორლოვი ინტერვიუში.

მისივე ცნობით, ქალაქში, ფაქტობრივად, არ არის წყალი, რადგან მოსახლეობის მხოლოდ მცირე რაოდენობას შეუძლია წლის ჭიდან აღება, დანარჩენებმა კი წყალი გათბობის სისტემებიდან ამოიღეს, ამიტომ გათბობა არ აქვთ, არის შემთხვევებიც, როდესაც ადამიანები წყალს გუბეებიდან სვამენ.

ორლოვის თქმით, ქალაქში სამი-ოთხი წყაროა, მაგრამ ის ნახევარი მილიონი ადამიანისთვის არაფერია.

მერის მოადგილე ითხოვს, სასწრაფოდ გაიხსნას ჰუმანიტარული დერეფანები.

“11 დღეა ვცდილობთ მის იქ მიტანას! ჩვენი ბოლო ჰუმანიტარული კოლონა ოთხი დღეა გზაშია და რუსები მას მარიუპოლში არ უშვებენ. და არის ავტობუსებს. ჩვენ მზად ვართ ყოველდღიურად სამი ათასი ადამიანის ევაკუაცია განვახორციელოთ”,– აღნიშნავს სერგი ორლოვი.