დეგნანზე თავდასხმები პოლიტიკურად წინდახედული ნაბიჯი არ არის – დეგნანზე თავდასხმები პოლიტიკურად წინდახედული ნაბიჯი არ არის – ამის შესახებ ამერიკის შეერთებული შტატების ყოფილი ელჩი საქართველოში, ჯონ ტეფტი “ამერიკის ხმასთან” ინტერვიუში საუბრობს.
არ მინდა საქართველოს შიდა პოლიტიკაზე გთხოვოთ კომენტარი, ამიტომ ზოგადად გკითხავთ. თქვენ ეცნობით იმას, თუ როგორ მოქმედებს მთავრობა, რა განცხადებებს აკეთებენ ფიციალური პირები. ამ განცხადებებიდან მუდმივად იგრძნობა ის, რომ არსებობს გარკვეული უკმაყოფილება შეერთებული შტატების მიმართ. ასევე მოვისმინეთ ევროკავშირის ახლა უკვე ყოფილი ელჩის კრიტიკაც. თქვენი აზრით, რამდენად პოლიტიკურად წინდახედულია ასეთი მოქმედება?
ეს საერთოდ არ არის პოლიტიკურად წინდახედული მოქმედება. ელჩზე თავდასხმებმა არ მგონია, უფრო ფართო პოლიტიკის შეცვლა გამოიწვიოს. ეს ყველაფერი უბრალოდ მოტივაციებზე კითხვებს აჩენს. ჩემი აზრით, ხელისუფლება უნდა იყოს მკაფიო და ფოკუსირებული განცხადებებში, რომ ის შეეცდება განახორციელოს ევროკავშირის რეკომენდაციები და ამით ყველას გაუგზავნოს მკაფიო სიგნალი მიუხედავად იმისა, თუ რას შეიძლება ამბობდნენ პარტიის სხვადასხვა წევრები პარლამენტში. მთავრობა უნდა იყოს ერთსულოვანი და ფოკუსირებული და მკაფიო სიგნალს უგზავნიდეს როგორც ევროპას, ასევე ვაშინგტონს, რომ მას გადაწყვეტილი აქვს განახორციელოს ევროატლანტიკური დღის წესრიგი, რომელსაც როგორც ვთქვი, ამერიკის ადმინისტრაცია სრულად უჭერს მხარს.
როგორ ფიქრობთ, რა ხდება ამ ძალიან ნეგატიურ კამპანიასთან დაკავშირებით ამერიკისა და განსაკუთრებით ამერიკის საელჩოს წინააღმდეგ საქართველოში?
სიმართლე გითხრათ, ეს ძალიან დამაბნეველია ჩემთვის და საქართველოს სხვა მეგობრებისთვის, რომლებიც მთავრობის გარეთ არიან. მაგრამ თუ ვიმსჯელებთ იმ განცხადებიდან გამომდინარე, რომელიც ნედ პრაისმა გასულ კვირას, ელჩ დეგნანის დასაცავად გააკეთა, ვფიქრობ, მთავრობის შიგნითაც იგივე ხდება. ხალხს უბრალოდ არ ესმის, კრიტიკოსები ამას რატომ აკეთებენ. კელი დეგნანი არის ამ ადმინისტრაციის, შეერთებული შტატების პრეზიდენტის წარმომადგენელი. მე ვიცი, რომ ის არის ძალიან ფრთხილი და პროფესიონალი დიპლომატი. ის წარმოადგენს შეერთებული შტატების ინტერესებს და ღიად საუბრობს ამ ინტერესებზე. არ ვიცი, რატომ შეიძლება ვინმე ფიქრობდეს, რომ რატომღაც არის განსხვავება ადმინისტრაციასა და კელის შორის. მე ვფიქრობ, რომ ეს არასწორია, რადგან ვფიქრობ, რომ კელი უკიდურესად ფრთხილი დიპლომატია და თბილისში მოღვაწეობის დროს ბოლო წლებში მასთან ჩემი ყველა ურთიერთობა იმაზე მეტყველებს, რომ ის ამ ადმინისტრაციის პოლიტიკის ძალიან კარგი ელჩია.