პარტია მოქალაქეების ლიდერი, ალეკო ელისაშვილი კარტოგრაფების საქმეზე დაკავებულ ივერი მელაშვილს და ისნის N5 საარჩევნო ოლქის თავმჯდომარის საქმეზე დაკავებულ აკაკი კობალაძეს პასუხობს, რომლებიც პატიმრობიდან ხელისუფლებისა და ოპოზიციის მოალაპარაკების პროცესის პარალელურად გაათავისუფლეს. ელისაშვილმა და მისმა თანაპარტიელმა, ლევან იოსელიანმა პარლამენტში შესვლა სწორედ ივერი მელაშვილის და ნატალია ილიჩოვას გათავისუფლების შემდეგ გადაწყვიტეს. ივერი მელაშვილმა თქვა, რომ მას არ სურს მის გამო ვინმემ სიტყვა გატეხოს და პარლამენტში შევიდეს. აკაკი კობალაძემ კი თქვა, რომ მათზე საუბრის უფლება აქვს ნებისმიერ გულწრფელ ადამიანს და არა ალეკო ელისაშვილს და მას არ სურს ვინმემ მისი თავისუფლებით ივაჭროს.
“ჩვენით ნურავინ ნუ ივაჭრებსო, რომ იძახიან, მათი თავისუფლებით ვვაჭრობდით ჩვენ მოლაპარაკებებზე. კი, მოლაპარაკება იყო ვაჭრობა და არის ვაჭრობა ნებისმიერი მოლაპარაკება. არ იცოდნენ აქამდე? 2 თვის განმავლობაში? რომ ვიძახდით, რომ ეს ხალხი ციხიდან უნდა გამოსულიყო. თან როგორ ვამბობდით იცით, რომ 4 პუნქტი, რომელიც ჩვენ გვქონდა, ვამბობდით, რომ, თუ ამას ქართული ოცნება შეასრულებს, მაშინ ჩვენ პარლამენტში შევალთ. დიახ, ასეთი ვაჭრობა მიმდინარეობდა. გონიერი ხალხია და გამიკვირდა ასეთი რაღაც მათგან.“– ამბობს მოქალაქეების ლიდერი მთავარი არხის ეთერში.