ელენე ხოშტარია, რომელმაც დღეს ევროპული საქართველო დატოვა, ამბობს, რომ პარტიებში განახლება მიმდინარეობს და ამას დიდი ინტერესით აკვირდება. მისი თქმით, ზურაბ ჯაფარიძის გადაწყვეტილებამ შესაძლოა კითხვები გააჩინა, თუმცა ადამიანების ნდობას ასე უფრო მოიპოვებს.
“დიდი ინტერესით ვუყურებ ზურაბ ჯაფარიძის გეგმებს, ამ პროცესს. იცით რა?! ყალბი უძრაობა, ყალბი უცვლელობა ვერ იქნება გამაძლიერებელი ოპოზიციის. იქ სადაც არის ბუნებრივი მოთხოვნილება ბრძოლაში გადაჯგუფების თუ ახალი იდეების, ეს არის ოპოზიციის მოქნილობა და გულწრფელობა. იგივე ზურას გადაწყვეტილებამ ვიღაცებში შესაძლოა კითხვებს აჩენს, თუმცა მეორე მხრივ, ბევრად უფრო სწორი, მართალი, ადამიანების მიმართ ნდობას უფრო მოიპოვებ, ჩემი აზრით. როდესაც შენ ამბობ, რომ აქ ამოიწურა რაღაცა, რაც ზურას შემთხვევაში მოხდა და მე ვიწყებ ახალს. ეს მიდგომაც და გახსნილობაც, ახალი გეგმები მგონია, რომ ბევრად აძლიერებს ოპოზიციას”,– ამბობს ხოშტარია მთავარი არხის ეთერში.
მისივე თქმით, ნაციონალურ მოძრაობაში მიმდინარე პროცესს “განახლების პროცესს” დაარქმევდა.
“ის რაც მოხდა თუნდაც ნაციონალურ მოძრაობაში, მე დიდი ინტერესით ვაკვირდები. დავარქმევდი განახლების პროცესს. მე ვუსმენდი ნიკას დიდი ყურადღებით, თუ რა ამოცანებით მოდის”,– ამბობს ხოშტარია.
მანვე აღნიშნა, რომ არ აპირებს რომელიმე პარტიას შეერწყას და აპირებს ახალი პლატფორმის შექმნას. ხოშტარია ამბობს, რომ ქვეყანაში არსებობს არაპოლიტიკური ადამიანების პოლიტიკაში ჩართვის დიდი რესურსი, ამიტომ ამ მიმართულებით იმუშავებს.