“დმანისში კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული”- საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის ხელმძღვანელის, დეკანოზ ანდრია ჯაღმაიძის განცხადებით, დმანისში მომხდარი დაპირისპირება გარედან იყო ინსპირირებული.
„იმ გარემოებებიდან გამომდინარე, რაც ჩვენ იქ ვიხილეთ, ადგილზე რომ ჩავედით, დაველაპარაკეთ ხალხს, სრულიად ცხადი გახდა, რომ ამ კონფლიქტის უფრო დიდ მასშტაბში გადაზრდის მცდელობა გარედან იყო ინსპირირებული რაღაც ძალის მიერ. ძალიან სამწუხარო იქნება, თუ ჩვენ ვერ მოვახერხებთ, რომ დროულად აღვკვეთოთ ხოლმე მსგავსი ტენდენციები.
რა თქმა უნდა, ვერ დავასახელებ, ეს გამოვა ვარაუდები, რომელიც შეუფერებელია ახლა, რომ ვთქვა. ამ დასკვნას ვაკეთებთ იქიდან გამომდინარე, რომ თვითონ მოსახლეობაში განწყობა სრულიად შეუფერებელია იმ დაძაბულობისა, ვნებათაღელვისა, რაც ჩვენ ვიხილეთ.
შესაძლებელია გარკვეული მოსაზრებები გვქონდეს, მაგრამ ამის გაშლა მართებული არ იქნება, რადგან ამის დადასტურება შეუძლებელია.
რა თქმა უნდა, ეს არის ნეგატიური მოვლენა, უცნაური ფაქტია. ჩვენ ამაზე გვექნება რეაგირება, თუმცა, მანამდე საჭიროა გარკვეული კომუნიკაცია, დეტალების დაზუსტება და რა ფორმით იქნება ეს, უნდა დაველოდოთ ჩვენს საგარეო ურთიერთობათა განყოფილებას“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.