დღეიდან აცრაზე რეგისტრაცია იუსტიციის სახლში მისვლით ან დარეკვითაც შესაძლებელია

კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინაციაზე რეგისტრაციას მოქალაქეები დღეიდან იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებშიც შეძლებენ.

ვაქცინაციაზე დარეგისტრირების მსურველები იუსტიციის სახლებსა და საზოგადოებრივ ცენტრებს უნდა ეწვიონ ან დარეკონ სატელეფონო ცენტრში ნომერზე – 2 405 405. სერვისით სარგებლობა იუსტიციის სახლებში ვიზიტის წინასწარი დაჯავშნის გარეშეა შესაძლებელი.

უწყების ცნობით, მომხმარებლები ვაქცინაციაზე ახლობლებისა და ოჯახის წევრების დარეგისტრირებასაც შეძლებენ.

სერვისი ორშაბათიდან პარასკევის ჩათვლით 9:00-დან 18:00 საათამდე იუსტიციის სახლისა და საზოგადოებრივი ცენტრის ყველა ფილიალშია ხელმისაწვდომი; შაბათს და კვირას კი, ვაქცინაციაზე რეგისტრაციის მსურველებს 10:00-დან 17:00-საათამდე თბილისისა და ბათუმის იუსტიციის სახლები მოემსახურებათ.