ბრიტანეთში და ევროკავშირის ქვეყნებში 20 მაისიდან მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა იკრძალება, თუმცა არა მხოლოდ მენთოლიანის: აკრძალვა ეხება ყველა არომატიზირებულ სიგარეტს, სპეციფიური გემოთი. თუმცა, რადგან არომატიზირებული სიგარეტის ბაზრის უდიდესი წილი სწორედ მენთოლის გემოზე მოდის, ამ აკრძალვას ასე მოიხსენიებენ.
სხვადასხვა გემოს მქონე სიგარეტების გარდა მაღაზიათა დახლებიდან გაქრება ფილტრები, ქაღალდი და კაფსულები, რომლებიც არომატიზატორებს შეიცავს.
ბრიტანეთში იკრძალება წვრილი სიგარეტის გაყიდვაც. ჩინოვნიკებს იმედი აქვთ, რომ ახალი ზომა ახალგაზრდა მწეველების რიცხვის შემცირებას გამოიწვევს.
რატომ აიკრძალა მაინცდამაინც მენთოლიანი სიგარეტი?
მიზეზი მისი არომატიზირების მექანიზმში და მისდამი მწეველების დამოკიდებულებაშია: ხშირად ფილტრის შიგნით თავსდება კაფსულა, რომელიც დაჭერისას სკდება და გემოს ცვლის. ანდა თავად ფილტრია გაჟღენთილი მენთოლის ზეთით, რომელიც სიგარეტს არომატს აძლევს.
პირველად სიგარეტის ფილტრში მენთოლის დამატება 1920–იან წლებში დაიწყეს. მწარმოებლები ამტკიცებდნენ, რომ ასეთი სიგარეტი ჯანმრთელობისთვის უფრო უსაფრთხო იყო, საკუთარი პროდუქტის რეკლამირებისას კი ბუნების სურათებს – გრილი გაზაფხულის და წყლის გამოსახულებებს იყენებდნენ.
ამით მყიდველს უჩნდებოდა სისუფთავის და უსაფრთხოების განცდა. სამიზნე ჯგუფი სწორედ დამწყები მწეველები და ჯანმრთელობის პრობლემების მქონე მწეველები იყვნენ.
სინამდვილეში კი ორგანიზმზე მისი ზემოქმედებით სხვადასხვა არტომატის მქონე სიგარეტი არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი სიგარეტისგან და ზუსტად ისევე იწვევს სხვადასხვა დაავადებების განვითარებას.
არადა, როგორც სხვადასხვა ქვეყანაში ჩატარებულმა არაერთმა კვლევამ აჩვენა, ახალგაზრდებს აქვთ რწმენა, რომ მენთოლიანი სიგარეტი ნაკლებად საშიშია.
მენთოლის არომატი კვამლის სუნს ნიღბავს, გარდა ამისა მენთოლს მოწევისას გამაგრილებები ეფექტი აქვს და შეიძლება ხველა ან ყელში უსიამოვნო შეგრძნება შეამსუბუქოს, რაც ბევრ მწეველს უჩნდება.
ექიმები თვლიან, რომ სწორედ ამით აიხსნება ახალგაზრდების რწმენა მენთოლიანი სიგარეტის ნაკლებად მავნებლობის შესახებ. კვლევები აჩვენებს, რომ სწორედ ამიტომ ყიდულობენ ისინი ხშირად მენთოლიან სიგარეტს.
კვლევებმა აჩვენა, რომ დამწყები მწეველები, თუ არომატიზირებული სიგარეტის მოწევას იწყებენ, უფრო მეტი შანსი აქვთ ნიკოტინდამოკიდებულები გახდნენ, ვიდრე მათ, ვინც არაარომატიზირებულ სიგარეტს ეწევა.
“მენთოლის გამაგრილებელი და მაანესთეზირებელი მოქმედება მოწევის მოკლევადიან ნეგატიურ ფიზიოლოგიურ ეფექტებს ნიღბავს, როგორიცაა ყელის ტკივილი, წვა და ხველა. ეს კი მწეველის ფისქოლოგიაში იწვევს რწმენას, რომ ასეთი სიგარეტი ნაკლებად საშიშია ჯანმრთელობისთვის.“ – ამბობს სან ფრანცისკოს უნივერსიტეტის პროფესორი სტეისი ანდერსონი.
უფრო მეტიც , სტატისტიკა მოწმობს, რომ მენთოლის სიგარეტის მომხმარებლები უფრო მეტს ეწევიან და იშვიათად ანებებენ თავს მოწევას. საქმე იმაშია, რომ მენთოლიანი სიგარეტისთვის თავის დანებება ბევრისთვის უფრო რთულია, მისი სასიამოვნო გემოს გამო.
ბრიტანეთში ბოლო წლების მანძილზე არომატიზირებული სიგარეტის წილი ბაზარზე მუდმივად იზრდებოდა.
ფორმალურად ამკრძალავი კანონი ჯერ კიდევ 2016 წელს მიიღეს, ანუ ბრექსითამდე, თუმცა ბრიტანეთმა გადაწყვიტა ის დღესაც აქტუალურად აღიაროს, და ევროკავშირის სხვა ქვეყნების მსგავსად 20 მაისიდან აამოქმედოს.
მენთოლიანი სიგარეტის გაყიდვა კანადაში 2017 წლის 1 ოქტომბრიდან აიკრძალა.
მას შემდეგ ექსპერტები სიტუაციას აკვირდებოდნენ და ცოტა ხნის წინ გამოაქვეყნეს დასკვნა, რომლის მიხედვით აკრძალვიდან ერთი წლის შემდეგ ბევრმა ადამიანმა მოწევას თავი დაანება(24%), ან მცდელობა დაიწყო(64%).