31 მარტიდან ქვეყნის მასშტაბით ვალუტის გადამცვლელი პუნქტების მუშაობას მთავრობა დროებით აჩერებს. ეროვნული ბანკის განცხადებით, მუშაობას აჩერებს ფინანსური სერვისის მიმწოდებელი სხვა სუბიექტებიც, მათ შორის:
- სამუშაო ოფისებიდან სესხის გამცემი სუბიექტები;
- საკრედიტო კავშირები;
- საგადახდო მომსახურების პროვაიდერები;
- ფასიანი ქაღალდების დამოუკიდებელი რეგისტრატორები;
- აქტივების მმართველი კომპანიები;
- ცენტრალური დეპოზიტარები;
- სპეციალიზებული დეპოზიტარები;
- საფონდო ბირჟა;
- არასახელმწიფო საპენსიო სქემის დამფუძნებელი;
- საკრედიტო საინფორმაციო ბიურო.
როგორც ეროვნულ ბანკში განმარტავენ, ამ სუბიექტებს, გარდა ვალუტის გადამცვლელი პუნქტებისა, შეეძლებათ, შესაძლებლობის შემთხვევაში, ოფისში მიუსვლელად განაგრძონ საქმიანობა.
ბანკები და მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, ისევე, როგორც საგადახდო სისტემის ოპერატორები და საგადახდო მომსახურების პროვაიდერები შეძლებენ, მუშაობა ოფისებიდანაც გააგრძელონ.