დღეს კალაძე და გახარია შეხვდნენ – რაზე ისაუბრეს ყოფილმა თანაგუნდელებმა

თბილისის მერი კახი კალაძე ადასტურებს, რომ დღეს გიორგი გახარიას შეხვდა.

“შეხვედრა იყო. რამდენჯერმე იყო ზარი ჩემს ტელეფონზე და მოითხოვა შეხვედრა ნებისმიერ ადგილზე, სადაც ვეტყოდი. თბილისის მერიაში მოხდა შეხვედრა, თუმცა არაფერი ისეთი, მითხრა, რომ აპირებდა თავისი კანდიდატის დაყენებას და ეს რომ არ გამეგო ტელევიზიით”, — თქვა კალაძემ.

ქართული ოცნების თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის მტკიცებით, გახარიამ კალაძეს შესთავაზა, ფინანსურად მხარი დაეჭირა მისთვის და სანაცვლოდ, ის თავის კანდიდატურას არ დააყენებდა.

“იყო კომუნიკაციის მცდელობა შუამავლის მეშვეობით, ფინანსურ თემაზე. იყო პირდაპირი მინიშნებები, რომ თუ იქნებოდა ჩვენი მხრიდან რაღაც ფინანსური მხარდაჭერა, ამ შემთხვევაში გახარია მერის პოსტზე კანდიდიდატურას არ დააყენებდა, რაზეც შესაბამისი პასუხი მიიღეს, ჩვენ მგონი კეზერაშვილში ვეშლებით.

ამის შემდეგ ურეკავდა გახარია კალაძეს, რომ სადაც უნდოდა იქ შეხვდებოდა. დღეს შედგა ასეთი შეხვედრა კალაძესა და გახარიას შორის. ერთადერთი თემა საუბრის იყო ის, რომ გახარია აპირებდა კანდიდატობის წამოყენებას და არ უნდოდა, რომ კალაძეს ეს გაეგო ტელევიზიით, რაზეც კალაძემ უპასუხა, რომ მისთვის არ იყო საინტერესო და ის ყველა შემთხვევაში მოიგებდა არჩევნებს პირველივე ტურში”,– ამბობს კობახიძე.

ცნობისთვის, დღეს გიორგი გახარიამ განაცხადა, რომ თბილისის მერობისთვის იბრძოლებს.