დღეს უკრაინის ჯარი მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე ძლიერია – აცხადებს რუსეთის კერძო სამხედრო კომპანია ვაგნერის ხელმძღვანელის ევგენი პრიგოჟინი ერთ-ერთ რუს პროპაგანდისტ ჟურნალისტთან, კონსტანტინ დოლგოვთან ინტერვიუში.
“ახლა შემიძლია საკუთარი გამოცდილებიდან გამომდინარე ვიმსჯელო, მე ვიცი, როგორ იბრძვიან სხვადასხვა ქვეყნები. დღეს ვაგნერი მსოფლიოში საუკეთესო არმიაა, მის შემდეგ რა თქმა უნდა, უნდა ვთქვა, რომ რუსეთი უნდა იყოს, რათა პოლიტკორექტული ვიყო, მაგრამ მე მჯერა, რომ დღეს უკრაინული არმია ერთ-ერთი უძლიერესია მსოფლიოში”, – თქვა პრიგოჟინმა.
გარდა ამისა, პრიგოჟინმა რუსეთი კიდევ ერთხელ გააკრიტიკა, მისივე თქმით, რუსეთმა ვერ მიაღწია დიდ წარმატებას “უკრაინის დემილიტარიზაციის” მიზანში.
“სპეციალური სამხედრო ოპერაციის დასაწყისში მათ [უკრაინელებს] ჰყავდათ, 500 ტანკი და ახლა მათ აქვთ 5 000 ტანკი და თუ მაშინ ბრძოლა მხოლოდ 20 000-მა ადამიანმა იცოდა, ახლა არის 400.000 ადამიანი, ვინც იცის ბრძოლა. როგორ მოვახდინეთ მისი დემილიტარიზაცია? როგორც ჩანს, ჩვენ პირიქით მოვიქეცით”, – უთხრა დოლგოვს.