დღეს, 4 ოქტომბერს ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან პირველი რეგულარული ფრენა შესრულდება 6-თვიანი პაუზის შემდეგ. რიგა-ქუთაისი-რიგის მიმართულებით ფრებას დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია Wizz Air შეასრულებს.
აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, ამ მიმართულებით ავიაკომპანია მხოლოდ კვირაში ერთხელ იფრენს, ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება.
აეროპორტების გაერთიანებაში ამბობენ, რომ ქუთაისის აეროპორტი მზად არის COVID-19-ის პანდემიის პირობებში დაწესებული ყველა წესის სრული დაცვით განაახლოს რეგულარული ავიარეისების მიღება.
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას თქმით, რეგულარული ფრენების აღდგენას ქუთაისის აეროპორტიდან ავიაკომპანია Ryanair-იც გეგმავს.
შეგახსენებთ, რომ საქართველოში რეგულარული ფრენები კორონავირუსის გავრცელების შემდეგ ჩაიკეტა. თავდაპირველი ინფორმაციით, ფრენები მაისის ბოლოდან უნდა აღდგენილიყო. ამის შემდეგ, გავრცელდა ინფორმაცია, რომ საქართველოს მიმართულებით საერთაშორისო ფრენები 1 ივლისიდან განახლდებოდა.თუმცა, მთავრობამ თარიღი კიდევ ერთი თვით – პირველ აგვისტომდე გადაწია. შემდეგ კი სამოქალაქო ავიაციის სააგენტომ ფრენების დაწყების თარიღად ჯერ პირველი სექტემბერი, შემდეგ პირველი ოქტომბერი და ბოლოს პირველი ნოემბერი დაასახელა.