დღეს გვაქვს შანსი, ამ რეჟიმს და მომავალ ხელისუფლებასაც ვანახოთ, როცა ქვეყანას ასე ექცევი, არჩევნებზე დაისჯები – ბოკერია

“დღეს შანსი გვაქვს, ამ რეჟიმს და მომავალ ხელისუფლებას ვანახოთ, როცა ქვეყანას ასე ექცევი, არჩევნებზე დაისჯები” – ასე ეხმაურება, “ევროპული საქართველოს” ლიდერი, გიგა ბოკერია ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნების მეორე ტურს. ბოკერიას თქმით, დღეს არჩევნებზე ხალხმა უნდა აჩვენოს სამოქალაქო ძალა და ქვეყნის კატასტროფული კურსი შეტრიალდეს.

”დღეს გვაქვს შესაძლებლობა თუ გამოვიყენეთ ჩვენი სამოქალაქო ძალა, ყველა მოქალაქემ, ვისაც გვსურს, რომ ამ ქვეყნის კატასტროფული კურსი შეტრიალდეს, რომ დავაახლოვოთ ვადამდელი არჩევნების ამოცანა. ამ ჩვენი ქვეყნის მომავლისთვის ძალიან სახიფათო რეჟიმის მშვიდობიანად ჩამოცილების. თუ დღეს ამ შესაძლებლობას გავუშვებთ ხელიდან, უფრო გაიზრდება ის საფრთხე, რაც წლებია ივანიშვილის რეჟიმმა შექმნა ჩვენი ყველას საერთო მომავლისთვის.

ჩვენ დღეს შეგვიძლია ვაჩვენოთ ძალა ამ რეჟიმს და ამ ძალიან სახიფათო რეჟიმთან ერთად, ნებისმიერ მომავალ ხელისუფლებასაც, რომ როცა ასე ექცევი ქვეყნის დამოუკიდებლობას, უტიფრად ეუბნები მოქალაქეებს, რომ ძალაუფლების შენარჩუნებისთვის ყველაფერზე წამსვლელი ხარ – ისინი დაგსჯიან არჩევნებზე. ეს შესაძლებლობა გვაქვს დღეს და მე ეს შესაძლებლობა გამოვიყენე და ხმა მივეცი ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ.”- განაცხადა ბოკერიამ.