დღესასწაულზე მამაოებს დიდი სუფრა ჰქონდათ, ჩვენ ნარჩენებს გვაჭმევდნენ – პანსიონის ყოფილი აღსაზრდელი

დღესასწაულზე მამაოებს დიდი სუფრა ჰქონდათ, ჩვენ ნარჩენებს გვაჭმევდნენ – “კურიერი” ნინოწმინდის პანსიონის ყოფილი აღსაზრდელის ექსკლუზიურ ინტერვიუს ავრცელებს. ყოფილი აღსაზრდელი, დაწესებულების თანამშრომლებს ძალადობაში ამხელს და საკუთარ ვინაობას არ ასახელებს.

”როდესაც პანსიონატში მოდიოდნენ ჟურნალისტები, ფონდის წევრები, მოჰქონდათ საჩუქრები, თანხას წირავდნენ პანსიონატს, იმ დღეს ამ საჩუქრების აღების უფლება გვქონდა, მაგრამ მეორე დღეს ჩამოივლიდნენ, ამ ყველაფერს ჩამოგვართმევდნენ ხოლმე.

ნინოობის დღესასწაულზე სასულიერო პირები, მამაოები მოდიოდნენ მთელი საქართველოდან. თვითონაც იცოდნენ, იქ რა სიტუაციაც იყო, მაგრამ ამით არ ინტერესდებოდნენ. ჩვენ ვერ ვბედავდით მათთვის ამ ძალადობაზე საუბარს.

ხშირად ვფიქრობდი თვითმკვლელობაზე, შიმშილისგან გულიც კი მიმდიოდა ხოლმე, ფიზიკურად ვერ ვუძლებდი, გვაიძულებდნენ მთელი ღამე ეკლესიაში გაგვეთენებინა. დღესასწაულებზე იკრიბებოდნენ ხოლმე მამაოები, აღსაზრდელები და ა.შ. და ძალიან დიდი სუფრა ჰქონდათ ხოლმე, ჩვენ ნარჩენებს გვაჭმევდნენ, სხვის ნაჭამ თეფშებზე. ზოგს ისე აშინებდნენ, რომ ბავშვები შარდსაც ვერ იკავებდნენ და ამის გამო კიდევ ურტყამდნენ. “- აცხადებს ყოფილი აღსაზრდელი.