„შევაფასოთ, რა განცხადებებს აკეთებდა ზურაბიშვილი 8 ნოემბრამდე და 8 ნოემბრის შემდეგ როგორია მისი დამოკიდებულება. 8 ნოემბრამდე იყო სრულიად დესტრუქციული, რეალობას აცდენილი განცხადებები და რიტორიკა. ყველაზე მეტად დასამახსოვრებელი იყო მისი განცხადებებიდან, რომ კანდიდატის სტატუსს ქვეყანა 2022 წელს არ იმსახურებდა, იყო საუბრები, რომ ქვეყანა ფორმალურად ატარებს რეფორმებს და შესაბამისად, არ უნდა გვქონოდა მოლოდინი და იმედი სტატუსის მოპოვების. ეს რამდენად შეიძლება პროდუქტიული ყოფილიყო სტატუსის მოსაპოვებლად, მგონი ყველასთვის მარტივია დასკვნის გამოტანა.
ყველასთვის გასაგებია, რომ ევროკავშირში საჩუქრად არ არიგებენ კანდიდატის სტატუსს, არც ავანსად, სტატუსი ქვეყანას ენიჭება დამსახურების მიხედვით. სხვათა შორის ამის დასტურია 8 ნოემბრის შემდეგ შეცვლილი რიტორიკა და დღეს ალაპარაკება მათ შორის ოპოზიციის არაერთი ლიდერისა სტატუსის დამსახურებაზე, რომელიც გვარწმუნებდა მანამდე, რომ ამ ხელისუფლების პირობებში შეუძლებელია სტატუსის მოპოვება. დამაზიანებელი იყო საუბრის წამოწყება მოსახლეობის, საზოგადოების, ქართველი ერის მიერ სტატუსის დამსახურებაზე და ამის საფუძველზე ინტრიგის შექმნა, თითქოსდა ქვეყანა არ იმსახურებს სტატუსს.
8 ნოემბრამდე, ვიდრე მკაფიოდ არ იყო ჩამოყალიბებული პოზიცია, რომ ქვეყანას სტატუსი ეკუთვნოდა და მიიღებდა, რიტორიკა იყო განსხვავებული თვისობრივად იმისგან, რაც მოვისმინეთ 8 ნოემბრის შემდეგ. ახლაც ბევრი შეეცდება ისე როგორც ზურაბიშვილი ცდილობს, რომ საკუთარი ავტორობა მიაწეროს ამ წარმატებას, რაც ქვეყანას აქვს, მაგრამ ვფიქრობ, დაზიანების გარდა, რაიმე წვლილი არ შეუქმნია სალომე ზურაბიშვილს იმ წარმატებაში, რასაც ჰქვია სტატუსის მოპოვება, რადგან შეუძლებელია ერთდროულად ითხოვდე სტატუსს და იმავდროულად საუბრობდე, რომ ქვეყანა სტატუსს არ იმსახურებს. (ღონისძიების) წინა დღეს გამოვიდა საჯაროდ და თქვა, რომ სურვილი ჰქონდა დასწრებოდა ამ ღონისძიებას და თქვა, რომ თუ სთხოვდნენ თუ ნებას დართავდნენ ტრიბუნაზე სიტყვით გამოსვლის… მოკლედ ცოტა გაუგებრად თქვა ეს ყველაფერი. სიმართლე გითხრათ, მე მაინც და მაინც მსურველი არ ვიქნებოდი ის გამოსულიყო, რადგან ნახევრად ხუმრობით ვიტყვი – ე, მანდ რაიმე დამაზიანებელი არ ეთქვა, სჯობდა თავი დაგვეცვა ამისგან. ვფიქრობ, შესანიშნავად წარიმართა ის ღონისძიება ზურაბიშვილის გარეშეც“,
ამის შესახებ ადამიანის უფლებათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხეილ სარჯველაძემ განაცხადა.