ცესკოს თავმჯდომარე, გიორგი კალანდარიშვილი ამბობს, რომ “იზოლირებულ შემთხვევებში შესაძლოა ადგილი ჰქონოდა გარკვეულ ხარვეზებს, მაგრამ ამ ხარვეზების გამოსწორების შესაბამისი გზები არსებობს”.
მისი განცხადებით, ე.წ. დისბალანსები ლეგიტიმური და ბუნებრივი შემთხვებებია, რომელიც ძალიან ბევრ შემთხვევაში შეიძლება არსებობდეს.
“უფრო მეტსაც გეტყვით, ასეთი ტიპის დისბალანსები ჩვენ რომ არ გვქონდეს, ეგ იქნებოდა პრობლემა, საყვირალი”,– აღნიშნავს კალანდარიშვილი და განმარტავს, რამ გამოიწვია ოქმებში დისბალანსები.
“ჩვენ გვყავს დაახლოებით 25 ათასი საარჩევნო ადმინისტრატორი, რომლებიც კენჭყისყრის დღეს შეყვანილი იყვნენ სპეცსიებში. ხშირ შემთხვევაში, განსაკუთრებით არჩევნების სპეციფიკიდან გამომდინარე, პირი შეიძლება ვერ იღებდეს მონაწილეობას მაჟორიტარი კანდიდატების არჩევის ნაწილში, თუ ის არ არის იმ კონკრეტული მაჟორიტარული ოლქის საზღვრებში რეგისტრირებული ამომრჩეველი.
10 ათასი საარჩევნო ადმინისტრატორი ვერ იღებდა მონაწილეობას მაჟორიტარულ ნაწილში. ეს იმას ნიშნავს, რომ 15 ათასი ამომრჩევლის ნაწილში ასეთი დისბალანსი იარსებებდა და ეს დისბალანსი რომ რომელიმე კომისიას გაესწორებინა, ეს იქნებოდა პრობლემა”,– ამბობს კალანდარიშვილი რუსთავი 2-თან ინტერვიუში.
მისივე ცნობით, ასეთი ჯგუფია პენიტენციურ დაწესებულებებში მომსახურე და მსჯავრდებული პირები, რომლებიც ხშირ შემთხვევაში არჩევნების მაჟორიტარულ ან სხვა ნაწილში ვერ იღებენ მონაწილეობას, რაც დისბალანსს იწვევს.
ცნობისთვის, დამოუკიდებელი დეპუტატის, თამარ კორძაიას განცხადებით, თბილისში მერის არჩევნების შემაჯამებელი 759 ოქმიდან 306-ში ბალანსი არ დგება. ასევე, ბალანსი არ არის პროპორციულ ნაწილის 323 შემაჯამებელ ოქმში.
“აი ფაქტის” ინფორმაციით, თბილისში პროპორციული სისტემით კენჭისყრის შემაჯამებელი ოქმების 39% შეცდომითაა დაჯამებული.