ე.წ. კანონიერი ქურდები საქართველოს პრეზიდენტს სასამართლოში უჩივიან. ამის მიზეზი სალომე ზურაბიშვილის ის განკარგულებაა, რომლის მიხედვითაც კრიმინალური სამყაროს წევრებს საქართველოს მოქალაქეობა ჩამოერთვათ.
განკარგულების შედეგად, მათ სხვა ქვეყნებში გადაადგილების პრობლემა შეექმნათ.
ე.წ. კანონიერი ქურდების იურისტის, თამარ აბესაძის აზრით, განკარგულების გამოცემის ერთადერთი მიზეზი ისაა, რომ უცხო სახელმწიფოში მათი დაკავების შემთხვევაში საქართველოში დეპორტაცია არ განხორციელდეს.
,,მოსარჩელეები არიან ე.წ. კანონიერი ქურდები და მოპასუხე მხარე არის საქართველოს პრეზიდენტი, რომელმაც უნდა წარმოადგინოს სრული მასალა, სასამართლო დაავალებს.
ქვეყნიდან განდევნა, მოკვეთა, იმის მოგონება, რომ თუ მას რაიმე პასპორტი აღმოაჩნდა ყალბი, შენ აქ შეუწყვიტო საქართველოს მოქალაქეობა, რომ მერე შემოსვლის საშუალება არ აქვს, დეპორტს ვერ განახორციელებს სახელმწიფო. ეს ხერხი მოიფიქრეს. რამე რომ დაემართოთ, ვერ ჩამოასვენებენ, იმიტომ რომ საბუთი აღარ აქვთ. კეთილი უნდა ინებონ და გონივრულად მიაქციონ ყურადღება ამ ყველაფერს”,- ამბობს ადვოკატი.