ე.წ მატროსოვის ციხის ლიკვიდაციის პროცესი დაიწყო, პატიმრები რუსთავის ციხეებში გადაიყვანეს

სპეციალური პენიტენციური სამსახურის განცხადებით, N9 (ე.წ. მატროსოვის) პენიტენციური დაწესებულების ლიკვიდაციის პროცესი სიძველის გამო დაიწყო.

შესაბამისი ბრძანება იუსტიციის მინისტრმა 2020 წლის 27 მარტს გამოსცა. პატიმრები ქალაქ რუსთავის ორ ციხეში გადაანაწილეს.

,,ვინაიდან დაწესებულების შენობა არის მოძველებული, N9 პენიტენციური დაწესებულება (დაწესებულებაში მყოფი ყველა ბრალდებულ/მსჯავრდებული) გადავიდა ქალაქ რუსთავში, N12 და N16 პენიტენციური დაწესებულებების ტერიტორიაზე, ერთ-ერთ კორპუსში, რომელსაც, ამ მიზნით, 2019 წლის შემოდგომიდან რეაბილიტაცია ჩაუტარდა, არის კეთილმოწყობილი, უსაფრთხო და სრულად შეესაბამება თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებს”,- აცხადებს სპეციალური პენიტენციური სამსახური.