“ევროატლანტიკური მომავლისთვის საქართველოში დროა დასრულდეს პოლიტიკური კრიზისი”- ევროპარლამენტარები სოციალ-დემოკრატების პოლიტიკური ჯგუფიდან, სვენ მიქსერი და მარინა კალიურანდი ეხმაურებიან საქართველოში განვითარებულ მოვლენებს და მხარეებს პოლიტიკური კრიზისის დასასრულებლად დიალოგში ჩართვისკენ მოუწოდებენ.
“ბოლო დროს საქართველოში განვითარებული მოვლენების, მათ შორის ოპოზიციური პარტიის, ნაციონალური მოძრაობის ლიდერის ნიკა მელიას დაკავების ფონზე, სოციალ- დემოკრატების ჯგუფი დღევანდელ პლენარულ სესიაზე მოუწოდებს მმართველ პარტიას, ქართულ ოცნებასა და ყველა ოპოზიციურ პარტიას, ისევ ჩაერთონ მოლაპარაკებებში და აქტიური წვლილი შეიტანონ პოლიტიკური დაძაბულობის დეესკალაციაში.ეს არის ყველა პასუხისმგებლიანი პოლიტიკური აქტორის ერთადერთი გზა, თუკი მათ არ სურთ საფრთხე შეუქმნან ქვეყნის სტაბილურობასა და ევროატლანტიკურ მისწრაფებებს”, – წერია გავრცელებულ განცხადებაში.
ევროპარლამენტში საქართველოს საკითხებზე თანამომხსენებელი, სოციალ-დემოკრატიული პარტიის წევრი სვენ მიქსერი საქართველოში მიმდინარე პოლიტიკურ კრიზისზე განცხადებას ავრცელებას.
ესტონელი ევროპარლამენტარი მარინა კალიურანდი თავის მხრივ, აცხადებს, რომ საქართველოს ევროპული მიღწევები საფრთხის ქვეშ არის.
„საქართველო წლების განმავლობაში განიხილებოდა, როგორც ევროკავშირის აღმოსავლეთ პარტნიორობის მოდელი, რომელიც შექებას იმსახურებდა მისი სოციალ-ეკონომიკური განვითარებისა და პრო-ევროპული რეფორმებისთვის. სამწუხაროდ ახლა ყველა ეს მიღწევა რისკის ქვეშ დგას. დასაკარგი დრო არ არის. პოლიტიკურ-პარტიულ ბატალიებში ფსონების გაზრდის ნაცვლად, საქართველოს პოლიტიკურმა აქტორებმა ორიენტირება უნდა მოახდინონ სამომავლო ამოცანებზე, კერძოდ კი პანდემიის სოციალურ-ეკონომიკურ შედეგებზე და პრო-ევროპულ რეფორმებზე დემოკრატიისა და კანონის უზენაესობის საკითხებში. ამჟამინდელი პოლიტიკური კრიზისი ხაზს უსვამს სასამართლო რეფორმების გაგრძელების მნიშვნელობას სასამართლო დამოუკიდებლობის გაზრდისა და უმაღლესი სასამართლო სტანდარტების დამკვიდრებისთვის. ეს ეხება განსაკუთრებით უზენაესი სასამართლოს მოსამართლეების დანიშვნას“, – აცხადებს მარინა კალიურანდი.