ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა გახდა

იტალიაში მიმდინარე ფინალურ კონცერტზე ევროვიზია 2022-ის გამარჯვებული ქვეყანა უკრაინა – ჯგუფი Kalush Orchestra გახდა. მომავალი ევროვიზიის მასპინძელიც ეს ქვეყანა იქნება. ჯგუფმა ტელემაყურებლებისა და ჟიურის ქულებით ჯამში 631 ქულა მოაგროვა.

  • ”გთხოვთ, დაეხმარეთ უკრაინას, მარიუპოლს, დაეხმარეთ აზოვსტალს ახლავე ” – ამ სიტყვებით დაასრულა ჯგუფის სოლისტმა, ოლეგ პსიუკმა გამოსვლა ევორვიზიაზე. 

ჯგუფი კონკურსზე სიმღერით “სტეფანია“ გამოვიდა, რომელიც ჯგუფის სოლისტმა, ოლეგ პსიუკმა დედას დაბადების დღეზე მიუძღვნა.

რამდენიმე დღის წინ, იტალიური საინფორმაციო სააგენტოსთვის მიცემულ ინტერვიუში პსიუკმა თქვა, რომ მისი ჯგუფის სიმღერა ჯერ კიდევ რუსეთის უკრაინაში შეჭრამდე შეიქმნა:

“ბევრი ამბობს, რომ ჩვენ შეიძლება ომის გამო გავიმარჯვოთ, მაგრამ ჩვენი სიმღერა ფავორიტების ხუთეულში ჯერ კიდევ კონფლიქტის დაწყებამდე იყო, ეს კი ნიშნავს, რომ ის ადამიანებს ნებისმიერ შემთხვევაში მოწონთ.“

საქართველო ევროვიზიის ფინალში ვერ გადავიდა. მუსიკალური კონკურსის ნახევარფინალი 12 მაისს ჩატარდა იტალიის ქალაქ ტურინში.

2022 წლის ევროვიზიაზე საქართველოს მუსიკალური ჯგუფი Circus Mircus [ცირკუს მირკუსი] წარმოადგენდა.