ევროკავშირი Covid ვაქცინების უკმარისობის პრობლემასთან ბრძოლას ექსპორტის კონტროლით შეეცდება

ევროკავშირის ქვეყნების ლიდერები ვირტუალურ სამიტზე ევროპულ ქვეყნებში Covid19-ის ვაქცინის უკმარისობის პრობლემის გადაჭრას ცდილობენ.  ევროკომისიის მეთაურმა, ურსულა ფონ დერ ლაიენმა განაცხადა, რომ დეკემბრის დასაწყისიდან ევროკავშირიდან ექსპორტზე 77 მილიონი დოზა ვაქცინა გავიდა, რაც აღემატება ბლოკის ქვეყნების ტერიტორიაზე ჯამურად გაკეთებული აცრების რაოდენობას. ამასთან, 30 მილიონ დოზაზე მეტი დაბალი და საშუალო შემოსავლების მქონე ქვეყნებში გაიგზავნა იმუნიზაციის საერთაშორისო პროგრამის ფარგლებში.

სამიტის დროს განიხილავენ ევროკავშირის ტერიტორიაზე წარმოებული  ვაქცინების ექსპორტზე კონტროლის შემოღებას, მათ შორის AstraZeneca–ს  ვაქცინაზე. კერძოდ, ბრიუსელი გამოვიდა ინიციატივით გამკაცრდეს პრეპარატის ექსპორტის პირობები იმ ქვეყნებში, რომლებსაც მოსახლეობის ვაქცინაციის უფრო მაღალი მაჩვენებლები აქვთ, ვიდრე ევროკავშირს.

პირველ რიგში ეს შეიძლება იყოს დიდი ბრიტანეთი და აშშ, სადაც სულ ცოტა ხანში ამერიკის რეგულატორის მიერ AstraZeneca–ს დამტკიცება იგეგმება.

ბოლო კვირების განმავლობაში ევროკავშირის ბევრ ქვეყანაში პანდემიის მესამე ტალღა იწყება, ამასთან, ევროკავშირის ქვეყნებში ჯამურად 100 მაცხოვრებელზე 12.9 დოზა ვაქცინაა გაკეთებული. ბრიტანეთში კი ამ დროისთვის საშუალოდ 100 მოქალაქიდან  44.7 მოქალაქეა აცრილი.  აშშ–ში კი 37.2. ევროკომისია თვლის, რომ ფარმაცევტულმა კომპანიებმა, ძირითადად კი AstraZeneca–მ არ შეასრულეს თავისი დაპირებები ევროკავშირისთვის ვაქცინის მიწოდების შესახებ. თუმცა, ფარმაინდუსტრიის წარმომადგენლები უარყოფენ, რომ ევროკავშირთან დადებული კონტრაქტები ჩააგდეს.

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა, მაგალითად ავსტრია ბლოკის შიგნით ვაქცინების განაწილების მკაფიო სისტემის შემუშავებას მოითხოვენ.

გარდა ამისა, სამიტზე განიხილება საკითხი ვაქცინაციის ერთიანი სერთიფიკატის შემოღების შესახებ, რომელიც ზაფხულის შვებულებების დროს ევროპელების მოგზაურობას დაარეგულირებს. ესტონეთს იმედი აქვს, რომ ასეთ დოკუმენტს უკვე აპრილში შემოიღებს. დანია აცხადებს, რომ კორონა–პასპორტებზე მუშაობა დაიწყო. ევროკავშირის ლიდერებს მოუწევთ მოიგონონ სისტემა, რომლის ფარგლებში სხვადასხვა ქვეყნების მიერ გაცემული სერთიფიკატები ევროკავშირის მთელ ტერიტორიაზე მოქმედი იქნება.