ევროკავშირმა პირველად არსებობის ისტორიაში გადაწყვიტა დასაჯოს ქვეყანა პასპორტებით ვაჭრობისთვის, რომელიც ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლებას იძლევა. პირველი მსხვერპლი სავარაუდოდ პატარა კუნძულ–სახელმწიფო ვანუატუ იქნება, თუმცა ევროპა ყურადღებით დააკვირდება სხვა სქემებსაც, რომლებიც “ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭებას“ გულისხმობს.
“ოქროს პასპორტების“ ბაზარი წელიწადში 25 მილიარდ დოლარად არის შეფასებული. ამა თუ იმ ფორმით საკუთარი მოქალაქეობით მსოფლიოს ყოველი მეორე ქვეყანა ვაჭრობს. თუ ევროპაში პასპორტის ღირებულება ნახევარი მილიონი დოლარიდან იწყება და თითქმის ყოველთვის იქ ცხოვრებას და ფულის წარმომავლობის შემოწმებას ითვალისწინებს, კარიბის ზღვისა და წყნარი ოკეანის კუნძულებზე შესაძლოა 100–150 ათასი დოლარი იყოს საკმარისი, თანაც სწრაფად და ყოველგვარი ზედმეტი კითხვების გარეშე.
დასავლეთი შეშფოთებულია იმით, რომ მსგავსი სქემები ხელს აძლევს ბოროტმოქმედებს და გამოიყენება მათ შორის გადასახედბისგან თავის არიდებისთვისაც. არადა შენგენის შეთანხმებით ფაქტიურად სამ ათეულ ქვეყანას შორის საზღვრები წაშლილია და ეს არის ყველაზე მსხვილი და მდიდარი პოლიტიკური კავშირი პლანეტაზე, ნახევარ მილიარდიანი მოსახლეობით. ამ სივრცეში ასეთი მაქინაციებით შეღწევა ევროპისთვის მიუღებელია.
ევროკავშირმა “ოქროს პასპორტებს“ ბრძოლა ჯერ კიდევ 2019 წელს გამოუცხადა.
“ზოგიერთი ქვეყანა მიზანმიმართულად არეკლამებს საკუთარ მოქალაქეობას როგორც ევროკავშირის ქვეყნებში უვიზო მიმოსვლის საშუალებას. ხშირად ამით უვიზო ქვეყნების მდიდარი მოქალაქეები სარგებლობენ, რათა გვერდი აუარონ მოთხოვნებსა და შემოწმებებს, რომელსაც შენგენის შეთანხმება ითვალისწინებს, რომელთაგან ნაწილი სწორედ ფულის გათეთრების და ფინანსური ტერორიზმის აღსაკვეთად არის შემოღებული“ – ნათქვამია ევროკავშირის საპროგრამო დოკუმენტში.
ევროკავშირი სასამართლო დავას მისივე წევრებთან – მალტასა და კვიპროსთანაც კი აწარმოებს და მათგან ინვესტიციების სანაცვლოდ მოქალაქეობის მინიჭების პირობების გამკაცრებას მოითხოვს. მესამე ქვეყნებთან კი სულაც არ აპირებს ზედმეტ თავშეკავებას და მზად არის მათ უვიზო მიმოსვლის შეწყვეტით დაემუქროს.
2019 წელს ევროკომისიამ კონტროლზე აიყვანა საინვესტიციო სქემები მოლდოვაში, ჩერნოგორიასა და ალბანეთში, ასევე პირობა დადო, რომ გააკონტროლებს, ხომ არ მოიფიქრებენ მსგავს სქემებს საქართველოს და უკრაინის მსგავსი უვიზო ქვეყნები. მოლდოვამ სასწრაფოდ გააუქმა საკუთარი პროგრამა, რომელიც მსოფლიოში ერთ–ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი იყო.
თუმცა, დღემდე არცერთხელ ევროკავშირს უკიდურესი ზომა – უვიზო მიმოსვლის გაუქმება არ გამოუყენებია. ახლა კი გადაწყვიტა საჩვენებელი დასჯა მოაწყოს და პირველ რიგში წყნარ ოკეანეში, სადღაც ავსტრალიასა და ფიჯის შორის ჩაკარგულ არქიპელაგს მიადგა.
ვანუატუს პასპორტი მსოფლიოს 130 ქვეყნის საზღვრის გადასაკვეთად არის ვარგისი და 130 ათასი დოლარი ღირს. მის მისაღებად სადმე წასვლაც კი არ გჭირდებათ. შეიძლება ყველაფერი დისტანციურად, რეკორდულად მოკლე დროში გააკეთოთ. უარის მიღების შანსი მინიმალურია: ბოლო რვა წლის განმავლობაში ვანუატუს მოქალაქე 10 500 ინვესტორი გახდა, უარი კი მხოლოდ ერთს უთხრეს.
ამან ევროკომისიის უკმაყოფილება გამოიწვია და ქვეყნის ხელისუფლებისგან განმარტებები მოითხოვა. ევროპელებმა მას საკუთარი ეჭვები გაუზიარეს იმასთან დაკავშირებით, რომ ევროკავშირთან უვიზო შეთანხმების ხელმოწერის შემდეგ ვანუატუს მოქალაქეების რაოდენობა სწრაფად გაიზარდა, ახალგამომცხვარ კუნძულელ–ინვესტორებს შორის კი ის ადამიანები აღმოჩნდნენ, რომლებიც ინტერპოლის საერთაშორისო ძებნილთა სიაში არიან, ასევე საეჭვო პერსონაჟები სირიიდან, იემენიდან, ირანიდან და ავღანეთიდან.
სქემისადმი ყურადღება გასული წლის ივლისში ბრიტანული გარდიანის მიერ ჩატარებულმა გამოძიებამ გამოიწვია. ბრიტანეთი ევროკავშირიდან გავიდა, თუმცა მას ვანუატუსთან უვიზო შეთანხმება აქვს.
“ჩვენ პატივს ვცემთ მესამე ქვეყნების სუვერენიტეტს მოქალაქეობის საკითხებში, თუმცა არ მივცემთ საშუალებას ევროკავშირში უვიზო შემოსვლის უფლება გამოიყენონ პასპორტის სანაცვლოდ ინვესტიციების მისაზიდად“– ასე ახსნა ევროკომისიამ გადაწყვეტილება ვანუატუსთვის უვიზო რეჟიმის შეწყვეტის შესახებ.ვანუატუ, როგორც დამოუკიდებელი სახელმწიფო 1980 წელს შეიქმნა. ამ წელს მოიპოვა მან საფრანგეთისა და ბრიტანეთისგან დამოუკიდებლობა.
ვანუატუ, რომლის მოსახლეობა 225 ათასს შეადგენს საქართველოში იმით არის ცნობილი, რომ მან 2011 წელს აფხაზეთის დამოუკიდებლობა აღიარა და მასთან უვიზო მიმოსვლა გამოაცხადა. მოგვიანებით, 2011 წლის ივნისში, ეს გადაწყვეტილება საჯაროდ უარყო. თუმცა, ერთი თვის შემდეგ საგარეო საქმეთა მინისტრმა ალფრედ კარლოტმა ხელახლა დაადასტურა აფხაზეთის ცნობის გადაწყვეტილება.
უკვე 2013 წლის მარტში რადიო ახალი ზელანდიის საერთაშორისო ოფისს ვანუატუს საგარეო საქმეთა გენერალურმა დირექტორმა ჯონი კუანაპომ განუცხადა, ორი წლის განმავლობაში კუნძულის მთავრობა „მხოლოდ ფიქრობდა“ აფხაზეთის აღიარებაზე. როგორც მან აღნიშნა, „ეს მხოლოდ გაუგებრობა იყო“ და ახლა ვანუატუს სურს თბილისთან მეგობრული ურთიერთობების ჩამოყალიბება.
პატარა კუნძული სახელმწიფო სულ პრობლემებშია. მსოფლიოს ყველაზე საშიში ქვეყნების სიაში გაერო მას მუდმივად ასახელებს პირველ ადგილზე. ქვეყანაში ხშირია ბუნებრივი კატაკლიზმებიც – ცუნამები, მიწისძვრები, ვულკანის ამოფრქვევები. ქვეყნის ყოველი მესამე მოქალაქე ყოვლწლიურად სტიქიური უბედურებისგან ზარალდება.
ქვეყანა თავის გატანას სხვადასხვა გზით ცდილობს. ეძებს ინვესტორებს, მფარველებს და სპონსორებს, იზიდავს მდიდრებს და ბიზნესების ნულოვანი გადასახადებით, დაინტერესებულ სახელმწიფოებს კი საერთაშორისო ფორუმებზე საკუთარი ხმით ევაჭრება.
თუმცა, აქაც პრობლემები აქვს. წელს გაერომ ვანუატუს ხმის უფლება ჩამოართვა საწევრო გადასახადის გადაუხდელობის გამო.
ბოლო ლურსმანი ვანუატუსთვის კოვიდპანდემია იყო.
მას პასპორტების გაყიდვის გარდა აღარაფერი დარჩენოდა. ამ გზით ქვეყანა შემოსავლების თითქმის ნახევარს იღებს. ვანუატუს მოქალაქეობით ყველაზე მეტად ჩინელები ინტერესდებიან – პასპორტების 40 % სწორედ მათ იყიდეს.
ახლა კი ქვეყანას ეს შემოსავალიც მოაკლდება. ევროკომისიამ ევროკავშირის 27 ქვეყანას ვანუატუსთან უვიზო მიმოსვლის შეთანხმების შეჩერება შესთავაზა. თუ ეს ქვეყნები დათანხმდებიან, ორთვიანი გარდამავალი პერიოდის შემდეგ ყველა, ვინც 2015 წლიდან ვანუატუს პასპორტი მიიღო, ევროკავშირში უვიზოდ შესვლის უფლებას დაკარგავს.