ევროკავშირის ქვეყნები შეთანხმდნენ სპეციალური სამუშაო ჯგუფის შექმნაზე, რომელიც ევროპულ ბანკებში დაკავებული ან გაყინული რუსული სახსრების ხარჯზე უკრაინის რეკონსტრუქციის დაფინანსების საკითხს განიხილავს.
როგორც ევროკავშირის ოფიციალური სოციალური მედიის ანგარიშებშია მითითებული, ჯგუფი არ იმუშავებს მუდმივ საფუძველზე, მაგრამ ჩართული იქნება კონკრეტული გადაწყვეტილებების განხილვაში.
„სამუშაო ჯგუფის მიზანი იქნება ევროკავშირისა და საერთაშორისო სამართლის შესაბამისად გაყინული და ჩამორთმეული რუსული აქტივების გამოყენების საკითხის განხილვა. საუბარია მოსამზადებელ სამუშაოებზე – ამგვარი გამოყენების მიზანშეწონილობის სამართლებრივ, ფინანსურ, ეკონომიკურ და პოლიტიკურ ანალიზზე საერთაშორისო პარტნიორებთან მჭიდრო თანამშრომლობით“, – ნათქვამია ევროკავშირის შვედეთის თავმჯდომარეობის განცხადებაში.
შვედეთის პრემიერ-მინისტრის, ულფ კრისტერსონის განცხადებით, ჯგუფს მოუწევს განსაზღვროს, რა სახის აქტივებია ევროკავშირში. ასევე გასათვალისწინებელია, თუ როგორ განხორციელდება ამ აქტივების გამოყენება ლეგალურად, რადგან ამისთვის არ არსებობს „მზა მოდელი“. „პრინციპში სრულიად ნათელია, რომ რუსეთმა უნდა გადაიხადოს უკრაინის აღდგენისთვის“, – განაცხადა კრისტერსონმა.