“რადიო თავისუფლება” საკუთარ წყაროებზე დაყრდნობით წერს,რომ ევროკომისია საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებას 9 მნიშვნელოვანი დათქმით გაუწევს რეკომენდაციას.
ცხრა ნაბიჯიდან ზოგიერთი აგრძელებს 2022 წლის ივნისში ევროკომისიის მიერ გაცემულ 12 რეკომენდაციას, ზოგიერთი კი სრულიად ახალია.
ახალია დათქმა ევროკავშირისა და მისი ღირებულებების შესახებ დეზინფორმაციასთან და „უცხოურ საინფორმაციო მანიპულაციებთან“ ბრძოლაზე.
ევროკომისია ასევე ყურადღებას ამახვილებს საჭიროებაზე, რომ საქართველომ თავისი საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკა ევროკავშირისას დაუახლოოს.
რადიო თავისუფლების ინფორმაციით, რეკომენდაციებიდან დათქმებში გადმოინაცვლებს:
- პოლიტიკური პოლარიზაციის დაძლევა;
- სამართლიანი არჩევნების ჩატარების პირობა – განსაკუთრებით 2024 წლის საპარლამენტო არჩევნების კონტექსტში;
- ქვეყანაში ინსტიტუციური დამოუკიდებლობისა და მიუკერძოებლების გაუმჯობესება – და ცესკოსთან ერთად, ჩამონათვალს დაემატებიან ეროვნული ბანკი და კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია;
- სასამართლო რეფორმა – მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა;
- კორუფციასთან ბრძოლა;
- დეოლიგარქიზაცია;
- ადამიანის უფლებების, უმცირესობების, მედიისა და სამოქალაქო აქტივისტების უფლებების დაცვა.
საქართველოსთვის კანდიდატის სტატუსის მინიჭებასთან დაკავშირებული ოფიციალური გადაწყვეტილება ევროკომისიამ 8 ნოემბერს, საქართველოს დროით 15:00 საათისთვის უნდა გამოაცხადოს.
სტატუსის მინიჭებაზე საბოლოო გადაწყვეტილებას ევროპული საბჭო კი დეკემბერში მიიღებს.