ევროპაში “პუტინის მგლების“ სახლებში ჩხრეკა ჩატარდა. ზოგიერთი “მგელი“ დააკავეს

რუსული მოტოკლუბის, “ღამის მგლების“ იმ წევრების სახლებში, ვინც ევროპაში ცხოვრობენ ჩხრეკა ჩატარდა. ბევრი მათგანი დააკავეს.

ამის შესახებ რუსული სააგენტო რია ნოვოსტი ორგანიზაციის პრეზიდენტზე, ალექსანდრ ზალდასტანოვზე დაყრდნობით წერს.

“რამდენიმე დღის წინ “ღამის მგლების“ ბევრი წევრის სახლებში ჩხრეკა დაიწყო, არის ზეწოლა და დაპატიმრება. მათ რაღაც იდიოტურ კითხვებს უსვამდნენ, რაღაც შენიღბული მუქარა იყო და ა.შ. ეს ყველაფერი მეტყველებს იმაზე, რომ ე.წ. დასავლელ პარტნიორებს ძალიან ეშინიათ მზარდი წინააღმდეგობის“– განაცხადა ზალდასტანოვმა.

ცნობილია, რომ ცოტა ხნის წინ “ღამის მგლები“ და მისი პრეზიდენტი ევროკავშირის მიერ განხილვის პროცესში მყოფი ახალი შავი სიის პროექტში შეიყვანეს.

ზალდასტანოვმა ხაზი გაუსვა, რომ არცერთ მის ამხანაგს უკან არ დაუხევია– არც მეგობრობაზე უთქვამს უარი და არც საკუთარ პოზიციაზე.

“ჩვენი აკრძალვა არ გამოვა. რწმენა, სიმართლე, იდეა, შეუძლებელია აკრძალვებით დაამარცხო“– თქვა მან.

რუსი ბაიკერების კლუბი რუსული სახელმწიფო პოლიტიკის და პროპაგანდის მხარდამჭერია.